სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე ლაშა შ. დააკავეს.
როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის ოქტომბრის თვეში, ლაშა შ. აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების დახმარებით თბილისის ტერიტორიაზე მიიღებდა საცხოვრებელ ბინას, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა 6 000 აშშ დოლარი.
"მიმდინარე წლის 2 ნოემბერს ლაშა შ-მ აღნიშნულ პირს მოტყუებით, თაღლითურად გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 3000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს", _ განაცხადეს სუს-ში და დასძინეს, რომ გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აწარმოებს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.