„რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღეს საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე მისვლას აპირებს, თუმცა, როგორც გვარამიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში აღნიშნა, იმედი არ აქვს, რომ ამას რაიმე შედეგი მოჰყვება.
„დარწმუნებული ვარ რომ ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება, მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომლებიც გამოძიებას აწარმოებენ, მათ შორის იმ გამომძიებელს, რომელთანაც მე კომუნიკაცია მაქვს და ერთხელ უკვე დამკითხა. ისინი არ იღებენ გადაწყვეტილებას ამ საკითხებზე, გადაწყვეტილება მიიღება ზემოთ. ეს გადაწყვეტილება არის ნეგატიური და სახელმწიფოსთვის სასარგებლო, რაც აჩენს ეჭვს, რომ ეს ქმედებები განხორციელებულია სახელმწიფოს მხრიდან“, _ განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას თქმით, მას შეკითხვა აქვს სახელმწიფოსთან _ რას აპირებს კიბერდანაშაულთან დაკავშირებით, რადგან უკვე ძალიან ბევრი საქმე დაგროვდა.
„იმ ვითარებაშიც თუ დავუშვებთ, რომ საქართველოში არ არიან სათანადო სპეციალისტები, მიუხედავად იმისა, რომ ეს ასე არაა, ამ დროის განმავლობაში შესაძლებელი იყო მათი ჩამოყვანა. თუ სააკაშვილის დანაშაულების გამოსაძიებლად იყო უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა შესაძლებელი, შეეძლოთ, კიბერდანაშაულის გამოსაძიებლადაც ჩამოეყვანათ, მაგალითად, აშშ-დან“, _ განაცხადა ნიკა გვარამიამ.