რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შს სამინისტროში გამოკითხვაზე შევიდა. ნიკა გვარამია გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივიდა. ჟურნალისტებთან კომენტარი მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გააკეთა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, გამოკითხვა მოხდება ნიკა გვარამიას და მამუკა ახვლედიანს შორის გამართული შეხვედრის ამსახველი მასალის უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით.
„რამდენადაც გვარამიამ გააკეთა განცხადება, ამ ჩანაწერის მოპოვება გახორციელდა მის კომპიუტერულ სისტემაში უკანონოდ შეღწევის გზით, რადგანაც ეს წარმოადგენს დანაშაულს, სავარაუდოდ, ამაზეა დაწყებული გამოძიება. იქიდან გამომდინარე, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ არა ერთხელ იქნა გახორციელებული დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებები და დაწყებული იყო გამოძიება, თუმცა, არც ერთხელ გამოძიებას შედეგი არ მოჰყოლია, არ გვაქვს ილუზია და მოლოდნი, რომ რეალურად გამოძიებას მოჰყვება შედეგი. კომპიუტერულ სისტემაში შეღწევის რესურსი ყველას არ გააჩნია. ნიკა გვარამიას მიმართ წარსულში გახორციელებული ქმედებებიდან გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ ამ ყველაფერის უკან დგანან სპეცსამსახურის წარმომადგენლები“, _ განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.