საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა.
გვარამიას თქმით, კითხვები კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევასა და პირადი საუბრების უკანონოდ მოპოვება-გავრცელების საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა.
მისივე თქმით, გამომძიებლებს არაკორექტულიკ ითხვებიც ჰქონდათ, რომელიც საქმესთან არავითარ კავშირში არ იყო.
"ვისაუბრე ყველაფერზე, რაც ჩემთვის ცნობილი იყო, გარდა იმ გარემოებებისა, რა ვითარებაში მოხდა ჩვენი შეხვედრა. იყო დეტალები, რაზეც არ ვისაუბრე, რადგან კანონი მაძლევს ამის საშუალებას. იყო შეკითხვები 6 მილიონთან დაკავშირებითაც, სრულიად არაკორექტულია ამ შეკითხვების დასმა იმდენად, რამდენადაც გამოძიება ეხება ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებას და მის შინაარსი არ უნდა იყოს საინტერესო გამოძიებისთვის, მიუხედავად ამისა, მე დავაკონკრეტე, ეს საკითხი საერთოდ არ ეხება ბატონ ახვლედიანს, მასთან საუბრის ნაწილიც კი არ არის, სხვა ადამიანს ვესაუბრები. საუბარი, რომელიც გავრცელდა ინტერნეტით, არის ჩემი ჩაწერილი, მე ვარ ნამდვილად, ჩემი ხმაა, მაგრამ ეს საუბარი მათ შორის არის დამონტაჟებული იმგვარად, რომ ჩრდილი მიაყენოს ბატონ მამუკა ახვლედიანს. ამ საუბარში არავითარი ქრთამის შეთავაზება ან რაიმე ტიპის ფულადი შეთავაზება ბატონი ახვლედიანის მიმართულებით არ ყოფილი, მით უმეტეს, 6 მილიონის შეთავაზება, ან რატომ უნდა შეგვეთავაზებინა, ბატონი ახვლედიანი არავითარ გადაწყვეტილებას იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც "რუსთავი 2-ს" ეხება, არ იღებდა, შესაბამისად, ამგვარი შეთავაზება, ცხადია, რომ არ ყოფილა. ეს არის ჩვენი საუბრის მოკლე შინაარსი. არავითარი იმედი არ მაქვს იმიტომ, რომ ეს ყველაფერი იმართება ამავე შენობიდან, შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ერთი ხელით ეს შენობა ჩანაწერებს აკეთებდეს და აქვეყნებდეს და მეორე ხელით იძიებდეს საკუთარი თავის წინააღმდეგ შედეგებს“, _ განაცხადა ნიკა გვარამიამ.