„სულმა მომიწყო ამბოხი, ხან კრინი მთხოვა, ხან _ ბოხი! „ _ ეს პოსტი ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ჭკუასელმა ფეისბუქის გვერდზე, 23 სექტემბერს, მას შემდეგ დაწერა, რაც ოფიციალურად გაცხადდა, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი აღარ იქნებოდა.
ჭკუასელს, რომელიც ნინო წილოსანით ყოველგვარი ახსნა-განმარატების გარეშე ჩაანაცვლეს, სხვისთვის ამბოხი არ მოუწყვია და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ყველაფერი მასთან შეთანხმებით მოხდა _ „გურია ნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჭკუასელმა ყურადღება წილოსანის წარსულზეც გაამახვილა და აღნიშნა: „სანამ პრემიერი კანდიდატად დამასახელებდა, მანამდე იყო საუბარი, რომ მე ვიქნებოდი სიაში და კანდიდატი იქნებოდა წილოსანი“:
„მაშინ რაღაცეები შეიცვალა და როგორც ვიცი, წილოსანი ოჯახური სიტუაციის გამო ვერ დააყენეს _ მის წარსულთან დაკავშირებით არსებობდა შეკითხვები,“_ აღნიშნა თემურ ჭკუასელმა.
თუ რატომ შეცვალეს კანდიდატი, ამ შეკითხვაზე პასუხი „ქართული ოცნების“ ლიდერებს არ გაუციათ. არ გაუკეთებიათ კომენტარი არც ემიგრანტი ქალების მიერ გამოქვეყნებულ საჯარო წერილზე, რომელშიც ისინი კვირიკაშვილისგან და კახი კალაძისგან ჭკუასელის გადაყენების რეალური მიზეზების დასახელებას ითხოვდნენ.
კონკრეტული მიზეზები არა, თუმცა, პრემიერმა, ჩოხატაურში სტუმრობისას, ნინო წილოსანის წარდგენის დროს, რომელსაც თემურ ჭუასელიც ესწრებოდა, საჯაროდ განაცხადა, რომ ჭკუასელი მომავალ პარლამენტში მნიშვნელოვან თანამდებობას ჩაიბარებდა. უფრო მეტიც _ როგორც გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, ჭკუასელის დიასპორას ჩაიბარებდა.
თუმცა, ამ განცხადებიდან დაახლოებით ორ თვეში „გურია ნიუსს“ სანდო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტში დიასპორის საკითხთა კომიტეტს ზვიად კვაჭანტირაძე ჩაიბარებს.
ჩვენთან საუბრისას კვაჭანტირაძე ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს:
_ რაღაცეებზე შევთანხმდით, თუმცა, ჯერჯერობით დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კვაჭანტირაძემ.
ამ შეთანხმების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს თემურ ჭკუასელი, რომელიც სიტუაციის გარკვევას ელოდება:
_ ზვიადთან არ მისაუბრია და ვერაფერს გეტყვით. მეც მედიიდან გავიგე ამის შესახებ და ვარკვევ, რა ხდება. არასამუშაო დღეები დაემთხვა და ორშაბათს ზუსტად მეცოდინება, _ გვითხრა ჭკუასელმა.
_ ბატონო თემურ, ჩვენ ეს ინფორმაცია სანდო წყარომ მოგვაწოდა და შეგვიძლია იმის თქმა, რომ კვაჭანტირაძემ პრემიერისგან ეს შეთავაზება ნამდვილად მიიღო. ეს მაშინ, როცა საჯაროდ დაანონსდა, რომ დიასპორას თქვენ ჩაგაბარებდნენ…
_ კი, ამის შესახებ ხმამაღლა განაცხადა პრემიერმა და ეს მეც მახსოვს.
_ რა გამოდის _ პრემიერმა „გადაგადოთ“?
_ არ ვიცი, გავარკვევ და გეტყვით, _ გვითხრა დეპუტატმა.
კითხვაზე, რას მოიმოქმედებს მაშინ, თუკი ჩვენი ინფორმაცია, როგორც ყოველთვის, დადასტურდება, პარლამენტის დეპუტატი გვპასუხობს, რომ ამაზე ინფორმაციის დადასტურების შემდეგ ისაუბრებს.
_ გულრწფელად გეუბნებით, რომ ამ საკითხზე პრემიერთან არ მქონია საუბარი. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს ვესაუბრე ტელეფონით და ჯერ პასუხის მოლოდინში ვარ, _ აღნიშნა ჭუასელმა.
_ ბატონო თემურ, გუშინ, კაჭრეთში, „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე არ ყოფილხართ?
_ კი, ვიყავი.
_ როგორც გვითხრეს, სწორედ ამ შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერიც ესწრებოდა, გადაწყდა ეს საკითხი…
_ მე ადრე წამოვედი. საქმე მქონდა და პრემიერი არ მინახავს, _ დააზუსტა ჭკუასელმა.