გარდა მორსისა და დაჭრილი პომიდვრისა, თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ მთელი პომიდვრები ზამთრისთვის. ამ შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი კონსერვირებისას სისუფთავის, სტერილიზაციის პირობების დაცვაა მთავარი. მთელ პომიდვრებს მჟავა გარემოში, წყალში ან საკუთარ წვენშივე აკონსერვებენ. ჩვენ დღეს ერთ-ერთ მეთოდს გაგაცნობთ, რომელშიც მჟავა გარემოს ლიმონის წვენის დამატება ქმნის.
შეარჩიეთ საშუალო ზომის, ნებისმიერი ჯიშის პომიდორი. მთავარია იგი გადამწიფებული ან დაზიანებული არ იყოს. მოაცილეთ ყუნწები და კარგად გარეცხეთ. ამის შემდეგ, ბასრი დანით ჯვრისებურად ან X-ისებურად გადავსეროთ, რომ ადვილად გავფცქვნათ.
კანის გასაცლელად ჩავყაროთ მდუღარე წყალში რამდენიმე ცალი პომიდორი, 1 წუთით გავაჩეროთ და გადავიტანოთ ყინულიან ან ძალიან ცივწყლიან ჯამში. კანი ძალიან ადვილად ან თავისით გაძვრება.
კანგაცლილი პომიდვრები დავალაგოთ ფიცარზე ან ჯამზე, რომ ზედმეტი წვენისგან და წყლისგან ჩამოიწრიტოს.
ასე მოვამზადოთ დასაკონსერვებელი პომიდორი. უმჯობესია, თუ პომიდვრებს შუაზე ან მეოთხედებად დავჭრით. მოვაცალოთ თესლი და გაუხეშებული ნაწილები.
რამდენიმე წუთის განმავლობაში მდუღარე წყალში სტერილიზაცია გაუკეთეთ ქილებს და ხუფებს. სტერილიზებულ ქილებში ჩავალაგოთ პომიდორი. თუ სურვილი გაქვთ, ჩაუმატეთ ნიორი, პოლპილი, დაფნა ან ხმელი რეჰანი. ქილის ყელამდე დატოვეთ 1,5 სმ ცარიელი ადგილი, ჩაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და ქილა მდუღარე წყლით ან პომიდორისვე წვენით შეავსეთ. დააწექით მასას ქილაში კოვზით, რომ გამოიდევნოს ჰაერის ბუშტუკები და ისევ დაუმატეთ წვენი.
შევსებულ ქილას დაახურეთ ხუფი და მოხუფეთ. ამის მერე, დაბალკიდიან ქვაბში ჩააფინეთ ტილო, ჩაალაგეთ ქილები და ნელ ცეცხლზე 40-60 წუთი გაასტერილეთ (დრო დამოკიდებულია ქილის სიდიდეზე).
ქვაბს სახურავი დაახურეთ, რომ ქილის გახეთქვის შემთხვევაში, უსაფრთხოდ იყოთ. გამორთეთ ქვაბი, დატოვეთ ქილები ცხელ წყალში ნახევარი საათით.
კარგად შეამოწმეთ ქილები _ მჭიდროდ და ჰერმეტულად არის თუ არა დახუფული. საეჭვო ქილები არ შეინახოთ და მაშინვე მოიხმარეთ.
დაკონსერვებული პომიდორი შეინახეთ გრილ ადგილას. პომიდვრის ნაჭრები თუ ზევით ამოიწევს, ეს არაა საშიში, მთავარია ქილის ჰერმეტულობა არ დაირღვეს და ხუფი არ ამოიბურცოს.