43 წლის მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს. მკვლელობას, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში მოხდა, წინ მეზობლებს შორის შელაპარაკება უძღოდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
შს სამინისტროს ცნობით, მკვლელობის ფაქტი გახსნილია.
"შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ა. ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გორის რაიონის სოფელ რეხაში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს – 1973 წელს დაბადებულ ზ.ქ. და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ა.ჯ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ხაშურის რაიონის სოფელ აგარებთან, საავტომობილო გზაზე ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს. პოლიციამ ავტომანქანის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით)", _ აცხადებენ შს სამინისტროში.