სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, პროგრამა "ქართული ჩაი", თითქოს, ამოქმედდა და ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციაც დაიწყო. პროგრამა ითვალისწინებდა იურიდიული პირების და მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსებას.
რა ხდება დღეს ამ მიმართულებით და გაამართლა თუ არა ამ პროგრამამ? ფერმერი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის მკვიდრი, კოოპერატივ "ბახვის ჩაის " დამფუძნებელი დავით თენიეშვილი, რომლის წარმატებებზე ჩვენ არაერთხელ ვწერდით, სრულ უიმედობას გამოთქვამს დღეს არსებული პროგრამის ირგვლივ. მან, როგორც თავადვე ამბობს, საკუთარ თავზე იწვნია ამ პროგრამის უპერსპექტივობა, რაზეც დღეს გულახდილად გვესაუბრება. გულნატკენი ამბობს, რომ ეს პროგრამა ჩაის რეაბილიტაციის შესახებ, იმ ხალხის დაწერილია, ვინც მოსპო ჩაის კულტურა საქართველოში!
_ მე მაინც იმედი მაქვს, რომ აწი ვიღაცა ვიღაცას ხელს არ შეუშლის, კიდევ ერთხელ გადაეხედება ამ პროგრამას და ჩვენი ხმა მიწვდება იმ ადამიანებს, ვინც ქვეყნის სათავეში იმყოფება, განსაკუთრებით მათ, ვისაც სოფლის მეურნეობის დარგის აღორძინება ევალება, როგორც ქვეყნის გადარჩენის ერთი უმთავრესი პირობა! მინდა დავიჯერო, რომ რაღაც გვეშველება! _ ამბობს დავით თენიეშვილი.
_ ბატონო დავით, ჩაის რეაბილიტაციის, ჯერჯერობით, წარუმატებელი პროგრამა, როგორც თქვენ ამბობთ, რატომ მიგაჩნიათ მათი შედგენილი, ვინც ჩაის კულტურა მოსპო საქართველოში?
_ პირდაპირ გეტყვით, მე შევხვდი იმ ადამიანებს, ვინც ეს პროგრამა შექმნა. ზოგს შორიდან ვიცნობ, ზოგს არც ვიცნობ, მაგრამ მათი საქმიანობის შესახებ მეც მსმენია და ბევრ სხვასაც. ჩაის განვითარებაზე ვერ იზრუნებს ის ხალხი, ვის კისერზეც არის "ჩაის ცოდვა" საქართველოში. კონკრეტულად, ამ პროგრამის დაწერაში მონაწილეობა აქვს მიღებული ბანკის თანამშრომლებს, რომლებიც მხოლოდ მოგებაზე ფიქრობენ და თეორიულად პროგრამაში დებენ მექანიზმს, როგორ განვითარდეს კი არა, როგორ არ უნდა განვითარდეს დარგი!
ჩვენ, 18-მა თანასოფლელმა ჩამოვაყალიბეთ კოოპერატივი და შრომა დავიწყეთ იმედით, რომ საქმეს გავაკეთებდით. თუმცა, ყველა ბანკი უარს ამბობს იაფი კრედიტის გაცემაზე. საქმე იმაშია, რომ მართალია, სახელმწიფომ ყველა ბანკს მისცა უფლება, გასცეს დაბალპროცენტიანი სესხები _ 3 %-დან 12%-მდე, მაგრამ ჩვენნაირ ხალხს არაფერს აძლევენ! მოითხოვეს იმ ხუთი ჰექტარი ფართობის იპოთეკით დატვირთვა, რომელიც ჩვენს საკუთრებაშია. მეტი ჩვენ არაფერი გვაქვს. რომ გვქონდეს, მაშინ რად გვინდა სახელმწიფოს დახმარება?! რომ ვუთხარი ჩემი კოოპერატივის წევრებს შემოთავაზებული პირობის შესახებ, გაგიჟდნენ. მერე აღარც მილაპარაკია ამ თემაზე.
_ უფრო რომ დააკონკრეტოთ, რა პირობები შემოგთავაზეს და რა გახდა ბარიერი, რომელმაც საქმეს ხელი შეუშალა?
_ პროგრამაში ჩაწერეს, რომ კოოპერატივს უნდა ჰქონდეს ხუთი ჰექტარი ჩაის ფართობი. დახმარების სახით გაძლევენ 2 500 ლარს. აქ შედის ნაწილობრივ შეღობვა, დანარჩენი ხმარდება მძიმე გასხვლას და მოვლას. დასაწყისშივე პრობლემას ვაწყდებით, რადგან ამ ფართობზე ჩაი რომ შეღობო, გასხლა და მოუარო, მინიმუმ, 7 ათასი ლარი სჭირდება! კოოპერატივს რა უნდა ჰქონდეს, გარდა მიწისა? ჩვენ ვართ მოწადინებული, მშრომელი, მაგრამ უფულო ადამიანები! გვაძლევენ მცირედს და ამდენივე და უფრო მეტი, შენ უნდა გქონდეს! და სად აქვს დღეს საქართველოში გლეხს ათასობით ლარი? ათასში ერთსაც არ აქვს ეს საშუალება, რასაც ამ პროგრამის, ასე ვთქვათ, წესდება ითხოვს.
_ არის სადმე ჯგუფი, ვინც შეძლო ამ პროგრამის ფარგლებში კოოპერატივის ჩამოყალიბება და შედეგი მიიღო?
_ გურიაში მე ასეთი არავინ ვიცი! იკითხეთ, არის ვინმე?
_ თუ მიმართეთ კოოპერატივების განვითარების სააგენტოს და თუ უამბეთ ამ პრობლემის შესახებ. თქვენ გამოცდილი ფერმერი ბრძანდებით და იქნებ, მოესმინათ თქვენთვის?
_ რა თქმა უნდა, ვიყავი. მე ზერელედ არ ვსაუბრობ. სერიოზული საუბარიც მქონდა. პირდაპირ ვუთხარი, თუ ნამდვილად საქმის კეთება და ჩაის რეაბილიტაცია გსურთ, მოარგეთ ჩვენს კოოპერატივს სახელმწიფო პროგრამა,-მეთქი… გადათვალ-გადმოთვალეს, ისაუბრეს და ბოლოს მითხრეს, მოდი "შპს" შექმენი, იპოთეკით არ დაიტვირთები, შეღავათია და ჩაის რეაბილიტაციას რომ მოახდენ, სამი წლის შემდეგ 70%-ით დაგეხმარება სახელმწიფოო, _ გვითხრეს. თუმცა, აქაც 30% შენი უნდა გაგაჩნდეს, საწარმოო ფართი ჩვენ უნდა გვქონოდა და დანადგარებს გვჩუქნიდა სახელმწიფო. ასეთი შემოთავაზებით ვერაფერს ვერ იზამს სოფლელი კაცი. ერთეულები კი ისედაც "აკეთებენ" ჩაის, რომელსაც კი აწერია, რომ ქართული ჩაია, მაგრამ ეს სინამდვილეში შემოტანილია ინდოეთიდან თუ ირანიდან და ამუშავებენ აქ. დიდ-დიდი 15% შეურიონ საქართველოში მოკრეფილი ნედლეული და მორჩა _ ეს არის ქართული ჩაი?
_ თქვენ როგორ მიგაჩნიათ, სახელმწიფო საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ამოძრავებს ბანკებს?
_ არა, სახელმწიფოს შეთავაზება ბანკებისთვის, ერთის მხრივ, მომხიბვლელია _ 15%-იანი სესხიდან 12%-ს იხდის სახელმწიფო. გლეხი კი 3%-ს, მაგრამ ბანკები, თავის მხრივ, ითხოვენ ლიკვიდურ ქონებას _ ეს არის სწრაფად გაყიდვადი ქონება! სოფელში მიწა არ აინტერესებს თითქმის არც ერთ ბანკს. ისე კი არ გაძლევს ამ იაფ სესხს, ითხოვს აბსოლუტურ ქონებრივ უზრუნველყოფას. გლეხს რომ სწრაფად გაყიდვადი ქონება ჰქონდეს (აგარაკები ზღვისპირეთში, მთაზე, ოქრო-ვერცხლი…), რად უნდა, თუნდაც დაბალპროცენტიანი სესხი? ასეა ჩვენში _ სესხსაც ორმაგი სტანდარტი გააჩნია…
_ბატონო დავით, რაში ხედავთ გამოსავალს? რას სთავაზობთ ხელისუფლებას, ფერმერებს, ყველა დაინტერესებულ ადამიანს, რომლებსაც სურთ რეალური შედეგი დადგეს სოფლის მეურნეობაში, კონკრეტულად ჩაის რეაბილიტაციის საქმეში, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ?
_ ყველაზე საუკეთესო ვარიანტია რეგიონული აგრობანკის შექმნა და ეს მთავრობამ ყურად უნდა იღოს. ამ ბანკს უნდა მართავდეს განათლებით ეკონომისტი და სოფლის მეურნეობის განხრით კარგად მომზადებული, მცოდნე და გულშემატკივარი სპეციალისტი. წინა ხელისუფლების დროს იყო ცენტრალიზებული მმართველობა, ამიტომ არ დაიძრა საქმე. ამ ხელისუფლებამაც იგივე გააგრძელა და ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა. რეგიონული პრობლემა რეგიონის დონეზე უნდა დაისვას და გადაწყდეს. ჩვენ გვყავს სამხარეო თუ მუნიციპალური ხელისუფლება, გადაწყვეტილება ადგილზე უნდა მივიღოთ და ცენტრალურ ხელისუფლებას ეცნობოს ინფორმაცია გაცემული სესხის და შესრულებული სამუშაოს შესახებ. როცა სპეციალიზირებული ბანკი ადგილზე იმუშავებს, ის თავისთავად იქნება სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ. რეგიონში სოფლის მეურნეობის სპეციალისტები რომ იქნებიან ამ ბანკში, ისინი კონკრეტულ თემაზე იმუშავებენ და შემოთავაზებულ ბიზნესპროექტებს მოარგებენ, როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან იაფ სესხს.
_ რას გულისხმობთ?
_ მაგალითად, არსებობს ერთწლიანი კულტურები, რომლის მოყვანის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება უფრო მოკლევადიანი სესხის გაცემა. ხოლო მრავალწლიანი კულტურების შემთხვევაში გრძელვადიანი სესხები უნდა გაიცეს. მაგალითად, ჩაის რეაბილიტაციის შემთხვევაში სამი წლის შემდეგ გაჩნდება მოგების შანსი, ამიტომ სესხიც გრძელვადიანი იქნება საჭირო! ვიმეორებ, მთავრობაში, ზემოთ, კაბინეტებში პროგრამებს არ უნდა წერდნენ ისინი, ვისაც სრულიად არ აქვს შეხება სოფლის მეურნეობასთან და უფრო მეტი აქვს ნამოქმედარი ჩაის კულტურის მოსპობისთვის საქართველოში. დადგა ამის თქმის დრო და მზად ვარ, გაგრძელდეს პოლემიკა! ასე ბევრად განვითარდება სოფლის მეურნეობა და არა ვაუჩერიზაციით, არსებული სახელმწიფო პროგრამებით, რომელიც დღემდე არსებობს. ხვნა-თესვის პროგრამაა თუ რაც არის, ყველა ერთჯერადია! ნახეთ სადმე წინ გადადგმული ნაბიჯი? ეს არის უფრო სოციალური პროექტები და არა სრულიად სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე ორიენტირებული ეროვნული პროგრამა! ასე ნაბიჯი არ გადაიდგმება წინ და არც ბიზნესი განვითარდება. იქნებიან ბანკები და იქნება გატყავებულ-გასაცოდავებული მოსახლეობა. სადაა შედეგი, იქნებ, მაჩვენოთ და მითხრათ, რომ ვცდები? არაფერი იცვლება, სოფლები კი ისევ იცლება!
უნდა ჩამოყალიბდეს რეგიონული აგრობანკები, რომელიც გასცემენ გრძელვადიან სესხს. პროგრამებზე მომუშავე "მწერლებმა" კი აუცილებლად უნდა დაგვიძახონ ჩვენ, ვისაც შრომისმოყვარეობა, საქმის კეთების სურვილი, გამოცდილება და საკმარისი ცოდნა გაგვაჩნია იმისა, როგორ უნდა აღორძინდეს სოფლის მეურნეობა! დღემდე არსებული ყველა პროგრამა თუ პროექტი არის ერთჯერადი და დამთავრებული, ძირითადად, უპერსპექტივოდ! ისე არ გამიგოთ, რომ ვამბობდე, რაც გაკეთდა, წინააღმდეგი ვარ! ვიმეორებ და კატეგორიულადაც _ ეს არის ერთჯერადი დახმარებები, რომლითაც სოფლის მეურნეობა არ აღორძინდება!