საქართველოს მთავრობა ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად ასამოქმედებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს, _ ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველა რეგიონს მოემსახურება ცენტრების საკმარისი რაოდენობა, რათა ინსპექტირების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.
„ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც ექნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დანერგვის გამოცდილება. ინტერესთა გამოხატვის წარდგენა მოხდება დალუქული კონვერტით, 2016 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. შეფასების პროცესი წარიმართება შესაბამისი სამთავრობო კომისიის მიერ, რომელიც წარმოდგენილი წინადადებების შესწავლის საფუძველზე გამოავლენს გამარჯვებულს. საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა მიიღებს. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში გვქონდეს გამჭვირვალე და ხარისხზე ორიენტირებული თავისუფალი ბაზარი. ამდენად, მივესალმებით ყველა ინვესტორის შემოსვლას, რომელიც შესაბამის სტანდარტებს დააკმაყოფილებს. საქართველოს მთავრობის მიზანია, ხელი შეუწყოს მოქალაქეებისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას. ტექნიკური დათვალიერების სისტემის დანერგვას უნდა მოჰყვეს ეკოლოგიური და ჯანსაღი გარემოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. ცნობილია, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში გარემოს დაბინძურების ძირითად წყაროს სწორედ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაუმართაობა და ამ დარგში სტანდარტების არარსებობა წარმოადგენს. ამ მიმართულებით დღევანდელი ვითარება რომ მძიმეა, ამას საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს. საყურადღებოა ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, ავტოსაგზაო შემთხვევების ნაწილი სწორედ ავტომობილების გაუმართაობაზე მოდის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის შედეგად მოხდება საქართველოს თითოეული რეგიონის შესწავლა ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი ცენტრების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით. ყველა რეგიონს მოემსახურება ცენტრების საკმარისი რაოდენობა, რათა ინსპექტირების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს; ჩამოყალიბდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობის და ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები; დაინერგება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის ერთიანი ცენტრალიზებული მართვის ავტომატიზებული სისტემა, რომელიც სრულად გამორიცხავს შემოწმების პროცესში კორუფციული გარიგებების ალბათობას; შემუშავდება რეკომენდაციები ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისა და აირბალონით აღჭურვილი ავტომანქანების კონტროლის სისტემების ინტეგრაციის შესახებ. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობა განისაზღვრება საკონსულტაციო კომპანიასთან შეთანხმების შედეგად, სხვადასხვა ასაკის და ტიპის მანქანებისთვის შეიძლება იყოს სხვადასხვა პერიოდულობა. დადგინდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ბაზარზე მაქსიმალურად მორგებული კონკურენტული ფასი, 2017 წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონში პერიოდული ტექნიკური ისპექტირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა სრულად იქნება გამართული. თავად ინსპექტირების ნორმებს რაც შეეხება, კანონით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. წინასწარი გათვლებით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმაში დაახლოებით 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ასევე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის ამოქმედება შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს – აღნიშნულ პროცესში 1000-მდე სპეციალისტი მომზადდება და დასაქმდება. ძირითადი ამოცანა არის ბაზარი იყოს აბსოლუტურად გახნილი და თავისუფალი. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ბაზარზე არსებობდეს რაიმე ტიპის შეზღუდვა, შემოვიყვანოთ მხოლოდ ერთი ინვესტორი ან რომელიმე ერთ ინვესტორს მივცეთ გარკვეული ტიპის ლიცენზია. დღეს ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას სწორედაც რომ საკონსულტაციო კომპანიაზე, რომელმაც სახელმწიფოს უნდა გაუმართოს ის პროცესები, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, თავისუფალ და ღია ბაზარზე არსებობდეს ტექნიკური დათვალიერების ინსპექტირების შესაძლებლობა ყველანაირი კორუფციული რისკის გამორიცხვით“, _ განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.