ბოლო დროს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულია საქონლის ვირუსული დაავადება, რა დროსაც პირუტყვს მაღალი სიცხე, კიდურებისა და კუნთოვანი ქსოვილების დასიება აღენიშნება. შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ ეს ნოდულარული დერმატიტია.
სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით იმყოფებოდა დღეს ლანჩხუთში სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსი ნინო შეწირული, რომელიც გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად გამგებლის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებს, გამგეობის შესაბამისი სამსახურების სპეციალისტებსა და ვეტერინარებს შეხვდა.
ნოდულარული დერმატიტის შესახებ ვრცლად ისაუბრეს ქალბატონმა ნინო შეწირულმა და ვეტერინარმა ხათუნა რუსიძემ. მათი თქმით, ლანჩხუთში უკვე შემოვიდა ვაქცინა და დაწყებულია შესაბამისი აცრები. როგორც სპეციალისტებმა აღნიშნეს, დაავადება სწრაფად ვრცელდება, არ გადადის ადამიანზე.
„ცხოველის აცრიდან 7 დღის განმავლობაში არ შეიძლება საკვებად რძისა და რძის პროდუქტების, ასევე, ხორცის გამოყენება. აცრა არ უტარდება დაავადებულ საქონელს. აკრძალულია პირუტყვის ოჯახურ პირობებში დაკვლა. დაავადებული პირუტყვის რძესა და ხორცს აქვს მყრალი სუნი, კანი არ შრება, საკვებად უვარგისია. აცრის შედეგად ცხოველი იძენს ერთწლიან იმუნიტეტს“, _ ითქვა შეხვედრაზე.
სპეციალისტებმა, ასევე, განმარტებები მისცეს ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს დაავადების წინააღმდეგ აცრების ჩატარების საქმეში გასატარებელი საორგანიზაციო ღონისძიებების შესახებ. გარდა ამისა, მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს ვეტერინარ ექიმებს ან დარეკონ ტელეფონის ნომრებზე: (595) 221170; (595) 075679.