„არჩევანი არის „ქართული ოცნება“, არადანი _ „ნაციონალური მოძრაობა“, გაიყვეს და თამაშობენ ახლა, _ ეს განცხადება ეროვნული ფორუმის ყოფილმა წევრმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გააკეთა. სანიკიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ერთი ნაწილი გაურიგდა „ქართულ ოცნებას“, ხოლო დანარჩენი პოლიტიკური სპექტრის გაკრეფა მოხდა და ამ სცენარის ავტორი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილია. სანიკიძე მიიჩნევს, რომ გეგმის ნაწილია „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ სააკაშვილის გარიყვა და გიგა ბოკერიას გაძლიერებაც.
„არჩევანი არის „ქართული ოცნება“, არადანი – „ნაციონალური მოძრაობა“, გაიყვეს და თამაშობენ ახლა. თუმცა, ვინც ამ ყველაფრის ავტორია, მან ერთი რამ უნდა იცოდეს, რომ პოლიტიკური სპექტრის გაკრეფა არ ხდება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ არ ვართ გვირილები. ვიცით, ვინ არის ავტორი _ იდეები მოდის ბიძინა ივანიშვილისგან და გახორციელდა უსაფრთოების სამსახურის მიერ. ეს არჩევნები ჩაატარა სუს-მა. იმუშავეს შანტაჟით, დაშინებით, მათ შორის, რომ მიშა მოდის. გეგმა იყო გაცხადებული _ 100 მანდატზე ნაკლები არ დავინახოო. რა თქმა უნდა, მოინდომეს და მონდომებამ იცის გეგმის გადაჭარბებით შესრულება. გეგმა გადაჭარბებით შესრულდა მამლუქების მიერ“, _ განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
სანიკიძემ პალიტრანიუსის ეთერიდან ხელისუფლებას რჩევა მისცა: „ერთი რამ უნდა იცოდეს ყველამ _ დღეს პოლიტიკური პროცესი ისევ ქუჩაშია. ყველა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ვერც ერთი ხელისუფლება ქუჩას ვერ აკონტროლებს“, _ თქვა გუბაზ სანიკიძემ.