მანანა კობახიძის საქმიანობას თვალი რომ გადაავლოთ, დავინახავთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობისთვის ის შესანიშნავი კანდიდატია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატმა, გია ვოლსკიმ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოზიციაა, ნურავინ იფიქრებს, რომ კომიტეტის ან ფრაქციის თავმჯდომარეობა იერარქიით და მნიშვნელობით ნაკლებად მნიშვნელოვანია. იყო უამრავი კომენტარი, რომ მანანა კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეობა არ შესთავაზეს და მას კომიტეტის თავმჯდომარედ ჩამოქვეითება ეწყინა. ამასთან დაკავშირებით თავად მანანა კობახიძე რას ფიქრობს, უახლოეს დღეებში გავიგებთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კომიტეტის თავმჯდომარეობის შეთავაზება დაქვეითებად არ ითვლება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
გია ვოლსკიმ დავით უსუფაშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის კარგი იურისტი და დიპლომატია.
„საზღვარგარეთ მაღალი დონის შეხვედრებზე მან თავი საუკეთესო მხრიდან გამოავლინა. მისი ჩატარებული თათბირები, სხდომები, პრიორიტეტების წამოწევის უნარი და კოლეგიალობა საკმაოდ კარგი იყო, მაგრამ როცა ის ოპონირების რეჟიმში გადავიდა და თავისი პარტიის ფორმატში მოექცა, თითქოს, თავის ნაჭუჭში ჩაიკეტა. ოპონირების რეჟიმში ის ხშირად არაობიექტური იყო და დიაპაზონშემცირებული მეჩვენა. პარლამენტის თავმჯდომარის რანგში, როგორც დამბალანსებელი და სხვადასხვა აზრის შემაჯამებელი, დათო საკმაოდ ეფექტური იყო, მაგრამ „რესპუბლიკურ პარტიაში“ ოპონენტების მიმართ მისი ქცევის მანერა და დამოკიდებულება აბსოლუტურად სხვაა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატმა.
მისი თქმით, დავით უსუფაშვილს საკმაო პოტენციალი გააჩნია, მმართველ გუნდსა და საზოგადოებას საინტერესო იდეები შესთავაზოს.
„დავით უსუფაშვილს საკმაო პოტენციალი გააჩნია, მმართველ გუნდსა და საზოგადოებას საინტერესო იდეები შესთავაზოს და ვნახოთ, რა იქნება გაზაფხულზე. თავიდანვე გაცხადება იმისა, რომ ოპოზიციურ ფლანგს ქმნი, რაღაც თვითმიზანს ჰგავს. ჯერ შექმნას, დავინახოთ და მერე ვიტყვით, რამდენად კონსტრუქციული თუ რადიკალური ოპოზიცია იქნება. დავით უსუფაშვილი გაზაფხულზე გამოჩნდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.