დღეს დიაბეტის მსოფლო დღე აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე ჟვანიას პედიატრიული კლინიკის ორგანიზებულ აქციას დაესწრო. ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობასა და იმ სერვისებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ბენეფიციარებს პროგრამის ფარგლებში მიეწოდებათ.
„ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვეკიდებით ჩვენი თანამოქალაქეების საჭიროებებს და უზრუნველვყოფთ მათ უმაღლესი ხარისხის მედიკამენტებით, ტესტ-ჩხირებით, ერთჯერადი გამოყენების საგნებითა და შესაბამისი რესურსებით" _ აღნიშნა მან.
ღონისძიების ფარგლებში, ჟვანიას პედიატრიულ კლინიკაში დიაბეტის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საზეიმო მიღება გაიმართა. კლინიკის ენდოკრინოლოგებმა უცხოელ სპეციალისტებთან ერთად ბენფიციარებს უფასო სამედიცინო კონსულტაცია გაუწიეს. კლინიკაში შაქრიან დიაბეტზე სკრინინგიც ჩატარდა და ნომინაციაში – „ყველაზე მოწესრიგებული დიაბეტიანი ბავშვი“ გამარჯვებული გამოვლინდა.
საქართველოში დიაბეტის მართვის პროგრამას სახელმწიფო ახორციელებს. პროგრამა მიზნად ბენეფიციარების ამბულატორული მეთვალყურეობის გაუმჯობესებას, შესაძლო გართულებების პრევენციასა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას ისახავს.
„დიაბეტის სკრინინგი ადრეული დიაგნოსტირების მიზნით“ – 2016 წლის გზავნილია. მსოფლიო დღის აღნიშვნა დიაბეტთან დაკავშირებული პრობლემების წარმოჩენას ემსახურება და პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა უწყებას ძალისხმევის გაერთიანებისკენ მიუთითებს.
დიაბეტის მსოფლიო დღე 14 ნოემბერს, 1991 წლიდან აღინიშნება.