კომპანიებმა "Ion Wireless"-მა და "Bellco Ventures"-მა კომპიუტერული ,,მაუსის’’ ახალი მოდელი "Air Mouse Glove" გამოუშვეს. უსადენო ტიპის მოწყობილობა ყველა იმ ფუნქციას ასრულებს, რაც სტანდარტული ,,მაუსისთვისაა’’ დამახასიათებელი.
მოწყობილობის ნაწილი, რომელიც საჩვენებელ თითზეა ჩამოცმული, ჩართვა-გამორთვის ღილაკებითაა აღჭურვილი. ხელთათმანზე პაუზის ღილაკიცაა. აქვე USB-მოდულია განთავსებული, რომლის საშუალებითაც ახალი თაობის ,,მაუსი’’ კომპიუტერს უკავშირდება.
კურსორის მართვა და ინტერნეტ-გვერდებზე გადაადგილება ხელის მოძრაობის საშუალებით ხდება, რომელზეც ხელთათმანია ჩამოცმული. მოწყობილობა კომპიუტერს 10 მეტრის დისტანციიდანაც მართავს, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.
"Air Mouse Glove"-ს მწარმოებლები დარწმუნებულები არიან, რომ ასეთი მოწყობილობის გამოყენება სტანდარტული ,,მაუსით’’ მუშაობისგან განსხვავებით გაცილებით კომფორტულია.