შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომ 1975 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.თ. ქობულეთის რაიონის სოფელ ალამბრის გზაზე ცეცხლსასროლი იარაღით, ავტომობილით გადაადგილდებოდა.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გ.თ.-ს, გადამოწმების მიზნით, გაჩერება მოსთხოვეს. იგი არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა და პოლიციის ავტომანქანას შეეჯახა.
უწყების ინფორმაციით, ორმხრივი სროლისას გ.თ. მსუბუქად დაიჭრა. იგი სამართალდამცველებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან "ბაიკალის" სისტემის პისტოლეტი და 4 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
"გამოძიება პოლიციის მიმართ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ძალადობით ჩადენილი წინააღმდეგობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით). გამოძიებას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველო აწარმოებს", _ აცხადებენ შსს-ში.