პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეპუტატებს მოუწოდებს, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების თარიღთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ქვეყნის პირველი პირი სხდომის თარიღთან დაკავშირებით შესაბამის სამართლებრივ აქტს მას შემდეგ გამოსცემს, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს.
„ცესკოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმი ჯერ არ გამოუქვეყნებია. შესაბამისად, კონკრეტული თარიღი და დრო, თუ როდის დანიშნავს საქართველოს პრეზიდენტი მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, ჯერ უცნობია. ჩვენ არაერთი ნაჩქარევი განცხადება მოვისმინეთ დეპუტატებისგან სხვადასხვა თარიღთან დაკავშირებით, თუმცა ზუსტი დრო მხოლოდ მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც ცესკო გამოაქვეყნებს არჩევნების შემაჯამებელ ოქმს და პრეზიდენტი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს“, _ აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, ზოგიერთი დეპუტატის განმარტებით, 18 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.