გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გამგებელთან, ირაკლი კუჭავასთან ერთად ხილის გადამამუშავებელ საწარმოს ეწვია და ხილის გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნო.
„გურიაში ციტრუსის ჩაბარება-რეალიზაცია ინტენსიურად მიმდინარეობს. სეზონის შესაბამისად, ჩოხატაურის ხილის გადამამუშავებელ საწარმოში, ჩემი მისვლის მიზანი, სწორედ ციტრუსის მიღებისა და გადამუშავების პროცესის გაცნობა გახლავთ. აღსანიშნავია, რომ სოფელ ნატანების ,,ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანიაში" სტანდარტული, ხოლო ხილის გადამამუშავებელ საწარმოში მოსახლეობისგან არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება ხდება. წელს საწარმო სხვადასხვა სახეობის ხილთან ერთად, 20-ტონამდე ციტრუსს გადაამუშავებს და მოხდება კომპოტებისა და ჯემების დამზადება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით რეგიონში ახალი საწარმოები იქმნება და შესაბამისად ჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილებიც. ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარებას“, _ განაცხადა გია სალუქვაძემ.
კომპანიამ ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ახალი მიმართულებით ინვესტიცია 400 000 აშშ დოლარის სახელმწიფო თანადაფინანსებითა და 500 000 აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტით 2014 წელს განახორციელა და ააშენა თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ექსპლუატაციაში 2015 წლის სექტემბერში შევიდა.
ხილის გადამამუშავებელ საწარმოში ქართული ნედლეულისგან 30-მდე სახეობის მურაბა, ჯემი, კომპოტი და საწებელი საერთაშორისო სტანდარტის ISO 22000-ის შესაბამისად მზადდება. იგეგმება ახალი ტექნოლოგიური ხაზების დამატება. გაიზრდება და გამრავალფეროვნდება პროდუქცია. დასაქმებულია 50 ადგილობრივი.
პროდუქცია წარმოდგენილია "ნენა"-ს ბრენდის ქვეშ და მისი რეალიზება ხორციელდება, როგორც ადგილობრივ ასევე, საექსპორტო ბაზარზე (რუსეთი, ჩეხეთი, ჩინეთი). (R)