დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე დიპლომატიურ საქმიანობას დაუბრუნდება,_ ამის ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„დღეს ჩატარდა დიასპორის ფორუმი. ტექნიკური მიზეზის გამო, სამწუხაროდ, დასწრება ვერ მოვახერხე. მინდა აღვნიშნო გელა დუმბაძის, ჩვენი მეგობრისა და კოლეგის წვლილი ამ მიმართულებით. მან ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები განახორციელა მინისტრობის პერიოდში. ეს იყო ჩვენი თანამოქალაქეების უფასოდ გადმოსვენება სამშობლოში და სამშობლოს მიწას მიბარება, რაც დიდი შვება იყო ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებისთვის. ასევე მან დიდი წვლილი შეიტანა ლევილის მამულის საქართველოსთვის დაბრუნებაში იუსტიციის მინისტრთან ერთად. ეს იყო მართლაც ისტორიული მოვლენა საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც საქართველოს დაუბრუნდა ლევილის მამული. ასევე აღსანიშნავია ათობით შეხვედრა საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებთან სხვადასხვა ქვეყანაში. მე თვითონ მქონია ეს ბედნიერება, რომ ემოცია გაგვეცვალა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებთან, რომლებიც იმყოფებიან საქართველოსგან ძალიან მოშორებით. მინდა ვთქვა, რომ გელას როლი ამ მიმართულებით იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან პირდაპირ იგრძნობოდა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების მობრუნება ჩვენი ქვეყნისთვის და ეს იყო მინისტრის დიდი დამსახურება. მინდა მადლობა გადაგიხადოთ. გელა უბრუნდება დიპლომატიას“, _ განაცხადა კვირიკაშვილმა.