"მე, როგორც პრემიერ-მინისტრს, მეამაყება ჩემი გუნდის თითოეულ წევრთან ერთად განვლილი ყოველი დღე ამ ოთხი წლის განმავლობაში", _ ეს განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
„რა თქმა უნდა, ამ ოთხი წლის განმავლობაში იყო არაერთი სერიოზული გამოწვევა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ჩვენ ყოველთვის ერთად ვუმკლავდებოდით ასეთ გამოწვევებს, რაც უდავოდ საამაყოა. მე როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მეამაყება ჩემი გუნდის თითოეულ წევრთან ერთად განვლილი თითოეული დღე ამ ოთხი წლის განმავლობაში“, _ განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მოქმედმა მთავრობამ ჩაუყარა საფუძველი ოთხპუნქტიან გეგმას, რომელიც, თავის მხრივ, მომავალი 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური გარღვევის, განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებების, ქვეყნის ინფრასტრუქტურული მოდერნიზების, სივრცითი მოწყობის განვითარებისა და მმართველობითი სისტემის კიდევ უფრო დახვეწის საფუძველი უნდა გახდეს.
„ეს უდავოდ იქნება თითოეული მოქალაქისთვის უფრო მეტი კეთილდღეობა და ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში ხდება და მოხდება. ეს უდიდესი ნდობა, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ გამოგვიცხადა არჩევნების დროს, ჩვენ აუცილებლად უნდა გარდავქმნათ თითოეული ადამიანის კეთილდღეობაში და მთელი ქვეყნის მასშტაბით თვალშისაცემი, თვისობრივი, ხარისხობრივი ცვლილებების მოტანაში“, _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა მინისტრებს გაწეული სამსახურისთვის, ქვეყანას კი „უკეთესი ხვალინდელი დღე“ უსურვა.