მე-9 მოწვევის პარლამენტის ბიუროს პირველი სხდომა ხვალ გაიმართება, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ.
როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის კომიტეტებსა და უმრავლესობა-უმცირესობის ფორმატში განხილვა მომავალი კვირის განმავლობაში იგეგმება.
„ყველას ინტერესშია, რომ მთავრობა, რაც შეიძლება სწრაფად დამტკიცდეს, რათა შეძლოს საკუთარი საქმიანობის ეფექტურად გახორციელება, მას ამაში ხელი არ შეეშალოს, თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის კომიტეტებს და უმრავლეობასა და უმცირესობას ჰქონდეთ საშუალება, დეტალურად განიხილონ სამთავრობო პროგრამა, მინისტრობის კანდიდატებს დაუსვან კითხვები და მიიღონ კითხვებზე პასუხები. ვეცდებით, მთავრობის ფორმირების პროცესი ძალიან არ გაიწელოს, თუმცა, არ უნდა დავაზიანოთ საპარლამენტო განხილვების პროცესი“, _ აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.