"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ზვიად ბოჭორიშვილი დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის ჩადენაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით", _ ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცადებაში.
უწყების ცნობით, პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2016 წლის 24 ივნისს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ზვიად ბოჭორიშვილი ტელეფონით ესაუბრა მის ნაცნობ ნიკა ჭკადუას, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მას შეურაცხყოფა მიაყენა. ზვიად ბოჭორიშვილმა სიტუაციის გარკვევის მიზნით იმავე დღეს ნიკა ჭკადუა დაიბარა ქ.თბილისში, წყალსადენის ქუჩაზე განთავსებულ პარკში. შეხვედრისას ზვიად ბოჭორიშვილს და ნიკა ჭკადუას კვლავ მოუხდათ ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ზვიად ბოჭორიშვილმა ნიკა ჭკადუას დანით გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა. ნიკა ჭკადუა მიღებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ზვიად ბოჭორიშვილი იმავე დღეს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად ბოჭორიშვილი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.