“კანონმდებლობის მიხედვით, ამა თუ იმ პარტიას, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობს და არჩევნების შედეგად, პარლამენტში ფრაქციის შექმნას ახერხებს, ფრაქციის შექმნისათვის გამოყოფილი დაფინანსება ეკუთვნის", _ ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
“მრეწველთა“ წარმომადგენელი არჩევნებში დამოუკიდებლად იღებდა მონაწილეობას, მან ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა და მოხდა “მრეწველთა“ ფრაქციის შექმნა. თუ რეალობას და კანონის მოთხოვნებს ერთმანეთს დავუკავშირებთ, “მრეწველებს“ შესაბამისი დაფინანსება ეკუთვნით“, _ განაცხადა გიორგი კახიანმა.
ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, პარტია “მრეწველებისთვის“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსაზღვრული 536,572 ლარიდან 300 ათასი ლარი არის თანხა, რომელიც “მრეწველების“ პარტიას პარლამენტში მათი წევრის, სიმონ ნოზაძის მიერ საპარლამენტო უმრავლესობაში ფრაქციის შექმნის შედეგად დაენიშნა. ამ დაფინანსებით მან “თავისუფალ დემოკრატებს“ აჯობა, რომლის ყოველწლიური დაფინანსების ოდენობა 512,196 ლარს შეადგენს.
დაფინანსების სიდიდის მიხედვით, “მრეწველები“ პარტიებს შორის მე-7 ადგილზე აღმოჩნდნენ და ამით “თავისუფალმა დემოკრატებმა“ ცესკოში წევრი დაკარგეს.