ქალაქ ოზურგეთში, იქ, სადაც ეგნატე ნინოშვილის ბიუსტი იდგა (ბიუსტი 2006 წელს მოიპარეს), დღეისთვის დარჩენილია მხოლოდ პლატფორმა. მცირე ტერიტორია, რომლის ცენტრშიც ბიუსტი იდგა, დღეისთვის თავისუფალია და მოქალაქეებს უჩნდებათ კითხვა, აქ ხომ არ იგეგმება რაიმე სხვა ობიექტის მშენებლობა?
"გურია ნიუსს" დაუკავშირდა ქალაქ ლანჩხუთის მკვიდრი, ფერმერი თამაზ ღლონტი და გვთხოვა, გაგვერკვია, რის გაკეთება იგეგმება ამ ტერიტორიაზე და იგეგმება თუ არა სკვერის რეაბილიტაცია?
"მე ასე ვიცი, რომ ამ ადგილზე ხშირად ხდება ლოთობა და გადაქცეულია გაურკვეველი პირების თავშეყრის ადგილად. კარგია, თუ რამ კეთდება ოზურგეთში, მაგრამ ეგნატე ნინოშვილის ბიუსტის ადგილზე თუ რაიმე მშენებლობას გეგმავენ, ბარემ ნინოშვილის ქუჩაც გააუქმონ", _ გვითხრა მან.
„გურია ნიუსი“ ამ თემაზე, არც ისე დიდი ხნის წინ, წერდა. თუმცა, ჩვენ კვლავ მივმართეთ ქალაქ ოზურგეთის მერიას.
მერიის პრესსამსახურიდან კი მოგვაწოდეს ასეთი ინფორმაცია:
_ იდეაშიც კი არავის უფიქრია, ამ ადგილზე რაიმე ობიექტის მშენებლობა. აქ იგეგმება ეგნატე ნინოშვილის სკვერის რეაბილიტაცია და ეს მალე მოხდება, საკუთარი თვალით ნახავს ყველა, _ გვითხრეს პრესსამსახურში.
რაც შეეხება სკვერის დღევანდელ მდგომარეობას, გარემო დასუფთავებულია, ადგილზე მისულებმა გამოვკითხეთ ადგილობრივები და არ დასტურდება ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გაურკვეველი პირები იკრიბებიან ან ადგილი აქვს აზარტულ თამაშებს ან ლოთობას.