BBC-ის ინფორმაციით, იემენში საბრძოლო ქმედებები 48 საათიანი ზავის დასრულების შემდეგ ისევ განახლდა.
როგორც ცნობილია, იემენის ჩრდილო-აღმოსავლეთით საუდის არაბეთის კოალიციის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა.
თვითმხილველებისა და ოფიციალური პირების თქმით, მოქალაქეები, რომლებიც საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპნენ პიკაპის ტიპის სატვირთო ავტომობილით ბაზარზე მიდიოდნენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, კოალიციის მხრიდან მომხდართან დაკავშირებით კომენტარი დაუყონებლივ არავის გაუკეთებია.
გაეროს ინფორმაციით, იემენში მიმდინარე საბრძოლო ქმედებების შედეგად, რაც 2015 წლის მარტიდან მიმდინარეობს 4 125-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული, თუმცა, კოალიციაში აცხადებენ, რომ მათ სამიზნეს მშვიდობიანი მოქალაქეები არ წარმოადგენს.
გავრცელებული ცნობით, კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე ერთმანეთს ზავის არაერთგზის დარღვევაში ადანაშაულებს.
მაუწყებლის ცნობით, საბრძოლო ქმედებები მთელი კვირის განმავლობაში ასევე გრძელდებოდა ქალაქ ტაიზის სამხრეთ დასავლეთ ნაწილშიც, რასაც, სამშაბათს 11 ადამიანი ემსხვერპლა.
სამხედრო პირების განცხადებით, მათ ქალაქ ტაიზის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰაუტისის თავდასხმა მოიგერიეს, რა დაჯგუფებაც, ყოფილი პრეზიდენტის ალი აბდულა სალეჰის ერთგული მოკავშირეა.
როგორც ცნობილია, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ტაიზში მომხდარი შემთხვევის გამო შეშფოთება გამოთქვა, სადაც მეამბოხე ძალების მიერ 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში 3 000 ადამიანი ალყაშემორტყმული იყო.
„სროლები და განურჩეველი დაბომბვა მშვიდობიან მოქალაქეებს ხაფანგში აქცევს. ადამიანებს არ შეუძლიათ თავიანთი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გადაადგილება. სიტუაცია უმართავია,“_განაცხადა იემენში წითერლი ჯვრის დელეგაციის მეთაურმა, ალექსანდრე ფაიტიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქალაქ ტაიზის მთავარი საავადმყოფომ 3 დღის განმავლობაში 200-ზე მეტი დაჭრილი ადამიანი მიიღო, რომელთა უმეტესობას კიდურების ამპუტაცია ჩაუტარდა.