სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატი კახი კახიშვილი პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ახლი წინადადებით გამოვიდა. კახიშვილმა პარლამენტს აღკვეთის ღონისძიების ახალი სახის – წინასააღკვეთო პრობაციის შემოღება შესთავაზა.
”ჩვენ ვმუშაობთ აღკვეთის ღონისძიების ახალ ფორმაზე. ეს არის შინაპატიმრობა და საპრობაციო აღკვეთის ღონისძიება. პრაქტიკის ანალიზმა ცხადყო, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მხოლოდ ორი ეფექტური აღკვეთის ღონისძიების სახეა, რომელიც გამოიყენება სასამართლოს მიერ – გირაო და პატიმრობა, აქედან გამომდინარე, სხვა ალტერნატიული, უფრო მეტად ეფექტური აღკვეთის ღონისძიების არ არსებობის შემთხვევაში ძირითადად გამოიყენება პატიმრობა, ამიტომ შორს წავედით და შევთავაზებთ საქართველოს პარლამენტს წინასააღკვეთო პრობაციის შემოღებას, იმისთვის რომ შევამციროთ წინასწარ პატიმრობაში მყოფი ადამიანების რაოდენობა”, – განაცხადა კახიშვილმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატი, დამტკიცების შემთხვევაში, პარლამენტს ასევე ადმინისტრაციული პატიმრობის ვადების შემცირებასაც შესთავაზებს. კერძოდ, მაღალი რისკის შემთხვევაში, პატიმრობა 90 დღიდან 60 დღემდე უნდა შემცირდეს, საშუალო რისკის შემთხვევაში კი, 60-დან 30 დღემდე. როგორც კახიშვილმა აღნიშნა, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერის შემთხვევაში შემცირდება, რაზეც კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ დეპუტატები ვადების უფრო მეტად შემცირებასაც დაუჭერენ მხარს.