რით ჰგავს კურდღელი ბოცვერს ან საერთოდ არის თუ არა განსხვავება მათ შორის, ამაზე ცოტა ქვემოთ. ახლა კი გვსურს, ჩვენს მკითხველს ოზურგეთში ბოცვრის ახლახან შექმნილ სანაშენე ფერმაზე ვუამბოთ.
ის, როგორც საზოგადოების, ისე ხელისუფლების ყურადღების ცენტრში მოექცა და დიდია მასზე ინფორმაციული ინტერესიც. როგორც ცნობილი ვეტექიმი თამაზ კილაძე ამბობს, ბოცვრის ხორცის უნიკალურობა მის დიეტურობაში გამოიხატება და ქათმის ხორცის მსგავსად, როგორც დელიკატესს, ბადალი ნაკლებად მოეპოვება. ამასთანავე, ყველაზე მთავარი თვისება, რაც გააჩნია, ლეიკოზის საწინააღმდეგო თვისებებით ხასიათდება და საბჭოთა პერიოდში არმიის კვების რაციონში აქტიურად გამოიყენებოდა.
უფროსი თაობის ადამიანებს ახსოვთ და არახალია ის ფაქტი, რომ კომუნისტურ ეპოქაში არსებობდა ბოცვრის სპეციალური სანაშენე მეურნეობები, მათ შორის, გურიაშიც. მაგალითად, როგორც ბატონი თამაზი ამბობს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში არსებულ ასეთ მეურნეობაში თვითონ მუშაობდა და 2 500 ცალი მარტო დედა ბოცვერი ჰყავდათ. იქ, მისივე თქმით, ბოცვერი კრასნოდარის მხარიდან შემოჰყავდათ. შემდგომ პერიოდში, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, ამ მეურნეობის შენარჩუნებაზე არავის უფიქრია და ყველაფერი მიწასთან გასწორდა. კარგა ხანს საქართველოში ბოცვერი არავის მოუმრავლებია. თუმცა, ტრადიცია არსებობდა და ორი-სამი ოჯახებში ბევრგან ჰყავდათ. უკანასკნელ პერიოდში, აღმოსავლეთ საქართველოში არაერთგან მოჰკიდეს ამ საქმეს ხელი, მათ შორის კუმისშიც, სადაც ხსენებულ საბჭოთა პერიოდში მძლავრი მეურნეობა არსებობდა. ახლა იქ დანიელები საქმიანობენ; ქალაქ ქუთაისში შექმნილია საჯიშე მეურნეობა, სადაც ექვსი სახეობის ბოცვერი გამოჰყავთ.
გურიაში, კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში კი პირველი პრეცედენტია _ აქ მცხოვრებმა სტურუების ოჯახმა, არც ისე დიდი ხანია, რაც ბოცვრის მოშენება განიზრახა და ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანა. ცოლ-ქმარი _ ვაჟა სტურუა და ლია ქობულაძე, ახლა ფერმის გაძლიერებაზე ფიქრობენ და გალიებში სკუპ-სკუპით მოძრავ ყურცქვიტებს თავს მზრუნველობით დასტრიალებენ.
_ მე და ჩემი მეუღლე, კარგა ხანია, რაღაც საქმის წამოწყებაზე ვფიქრობდით. ბოლო ექვსი თვეა, რაც კონკრეტულად ეს საქმე ავირჩიეთ, ჩემს მეუღლეს კუმისში აჩუქეს დანიელებმა ყურცქვიტები. ამათ იმდენი რამე სჭირდებათ, ჯერ ბევრს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ, ალბათ, გამოგვივა, _ ამბობს ქალბატონი ლია.
კუმისში, როგორც ჩვენი მასპინძლები ამბობენ, სპეციალური მეურნეობა არსებობს, ოზურგეთში კი ბიზნესის სახით ამის კეთება სიახლეა. კითხვაზე, ძირითადად რა მიმართულებით განვითარდება მებოცვრეობა, ამბობენ რომ ჯერ მთავარია, გამრავლდეს. ახლა უპირველესი საზრუნავი ესაა. შემდეგ კი, ეს მეხორცული ჯიშია და რა თქმა უნდა, ძირითადად ამ მიზნით იქნება გამოყენებული. შიში რომ გვქონოდა, ვერ გავრისკავდით ჩამოყვანას, თუმცა დიდი ძალისხმევა და განსაკუთრებული მოვლა ნამდვილად სჭირდებათ, _ ფრთხილობენ სტურუები. ახლა უმთავრესი კომფორტული გარემოს შექმნაა. მართალია, შენობა საშუალო სიდიდისაა და საგანგაშო არაფერია, მაგრამ ვიდრე ბოცვერს მაკეობის პერიოდი დაეწყება, უნდა მოხდეს მისი უფრო გაფართოება და სრულყოფილი _ ორკარადიანი გალიების შეძენა, რადგან ბაჭიებს განცალკევება სჭირდება.
_ კიდევ უამრავი რამ სჭირდება, თითქოს ზოგი წვრილმანი, მაგრამ აუცილებელი, _ ამბობენ მასპინძლები, _ მთავარი ამ ეტაპზე და მომავალშიც საკვებია, ვკვებავთ ქერით, როგორც გვასწავლეს. ჩვენთვის ეს ახალი საქმიანობაა და დახმარებას ყველასგან ველოდებით, ვისაც გამოცდილება აქვს. აუცილებელია, სპეციალური გრანულები, ბალახეულიდან მხოლოდ იონჯა გვირჩიეს. ამასთანავე ბალახი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს სველი, შხამიანი, ტოქსიკური.
ჩვენს საუბარში კვლავ ჩაერთო თამაზ კილაძე, რომელსაც საკმაო გამოცდილება აქვს ამ მხრივ და გულისხმიერებითაც ეკიდება ახალწამოწყებულ საქმეს. იგი მიიჩნევს, რომ სპეციალური ლიტერატურა დასჭირდებათ და მიზანშეწონილი იქნება არაერთი აგრონომიული საკითხის შესწავლაც: _ ტექნოლოგიას არც ერთი ფერმერი არ გასწავლის, აგიხსნის ზოგადად. ყველა სფეროშია აუცილებელი საკუთარი ტექნოლოგიების ქონა, საკუთარი დაკვირვებისა და გამოცდილების საფუძველზე, _ ამბობს ის.
_ ბატონო თამაზ, სტურუების ოჯახი ამ საქმეში ახალბედაა, თქვენ რას იტყვით, რამდენად მომგებიანი იქნება მებოცვრეობა, გაამართლებს თუ არ იგი და ძირითადად რა დანიშნულებით მოხდება მისი მოხმარება?
_ ყველა ადამიანი საქმეს, მით უფრო ბიზნესს, ოპტიმიზმით და წარმატების ძიებით იწყებს. ეს მეხორცული ჯიშია და ძირითადად, რასაკვირველია, ამ მიზნით მოხდება მისი მოხმარება. ასევე არის მაღალხარისხიანი ბეწვის მქონე ცხოველი და ტყავიც პრიორიტეტი იქნება. საწყისი ეტაპია, თუმცა ტრადიცია, როგორც ვთქვით, არსებობდა და მიუღწეველი არაფერია, როცა გულით გწადია საქმის კეთება.
_ წარმოვიდგინოთ, ყველაფერი წარმატებით განვითარდა. ბოცვერი ცოცხალი სახით გაიყიდება თუ დაკვლა და დამუშავებაც იქვე მოხდება?
_ ეს მაღაზიის, კერძოდ, მიმღების საქმეა, უნდა ცოცხლად ჩაიბარებს და უნდა _ ხორცის სახით. ფირმას გააჩნია. ეს კია, დარწმუნებული ვარ გაუყიდავი არ დარჩება და არც კლიენტის ნაკლებობა იქნება.
_ ასეთი ჯიშის ბოცვრის წონა საშუალოდ რამდენი კილოგრამია?
_ 7-12 კილოს იწონის, საშუალოდ. “გოლიათის” ჯიში განსაკუთრებით.
_ ეს ჯიში სტურუების ფერმაშიც შეამჩნიეთ?
_ კი, შევნიშნე. არის აქ 3-4 ცალი.
_ მაკეობის რა პერიოდით ხასიათდება და ერთ ბოცვერს რამდენი ბაჭიის შობა შეუძლია, რამდენად პროდუქტიულია, როგორც შობადობის, ისე გაზრდის მხრივ?
_ მაკეობას 28 დღე სჭირდება, 15-16 ბაჭიას შობს და კარგადაც იზრდებიან, თუმცა როგორც ყველას და ყველაფერს, განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. სწორი კვება გადამწყვეტია. აუცილებელია, ორკარადიანი გალიები. დედა შედის ბაჭიებთან, კვებავს, მერე გამოდის მეორე გალიაში და თვითონ იკვებება.
_ რა ასაკისაა ბაჭია, როცა გაჰყავთ ცალკე, დედისგან დამოუკიდებლად?
_ 17-18 დღის მაინც უნდა იყოს.
_ შეჯვარება შესაძლებელია?
_ როგორ არა, მაგალითად თეთრი და შავი ბოცვრის შეჯვარებით “მოზაიკა” მიიღება, ასე ეძახიან. ასეთებიც შევნიშნე სტურუებთან. არიან გალიებში. საერთოდ, შეჯვარება ყველანაირი შეიძლება. მთავარია, გენეტიკა იდგეს მაღალ დონეზე და მივიღოთ ხარისხიანი პროდუქცია.
_ ბატონო თამაზ, ავადმყოფობის მიმართ რამდენად იმუნურია _ აცრას თუ საჭიროებს?
_ აცრას არ საჭიროებს, თუმცა ახასიათებს დაავადებისკენ მიდრეკილება, ეს არის კოქციდიოზი, ფაღარათიანობა. ამ შემთხვევაში სიკვდილიანობა მაღალია, ვიმეორებ, მოვლა და კვებაა ყველაფრის თავი და თავი. თუ მიზანმიმართულად გაირჯები, არანაირი დაავადება არ შეეყრება.
_ ბოლოს და ბოლოს, რა განსხვავებაა კურდღელსა და ბოცვერს შორის?
_ ბოცვერი იბადება უბეწვო და თვალდახუჭული, ანუ მღრღნელია. კურდღელი გარეულია და იბადება ბალნიანი და თვალღია. ამაზე მეცნიერებს გაცილებით ადრე აქვთ ნაფიქრი, ვიდრე მე დავიბადებოდი (იცინის). ანუ მხეცია. ადამიანიც ასეა (იცინის). ასეთია ჩემი აზრი.
_ რაიმე სპეციალური ახალი მეთოდური ლიტერატურა თუ არსებობს, ან თუნდაც იმდროინდელი, როცა თქვენ მუშაობდით?
_ ახალს მოძიება სჭირდება და არ იქნება ძნელი, ინფორმაციის საუკუნეა. ადრე იყო, როგორ არა, შესანიშნავი წიგნი არსებობდა მამა-შვილ ქუმსიაშვილების მიერ შედგენილი. იმ პერიოდში მებოცვრეობასაც თავად ეწეოდნენ და მხოლოდ გამოცდილების საფუძველზე შექმნილი ლიტერატურა იყო. რა თქმა უნდა, ამ წიგნის მოძიებაც არ აწყენს დაინტერესებულ ფერმერს.
_ გარემო პირობებთან შეგუება ხომ არ გაუჭირდებათ, როგორი იქნება მათთვის ზამთარ-ზაფხული?
_ მოგეხსენებათ, ჩვენში ეს ახალი ცხოველი არ არის. არ მგონია, არსებითი განსხვავება იყოს ადრინდელსა და ახლანდელს შორის. გახსოვთ ალბათ, ისტორია, მთელი შვეიცარია გადახრეს ბოცვრებმა, ძლივს მოსპეს. იმედია, ჩვენ ვერაფერს მოგვიხერხებს. (იცინის). გარემო პირობებთან შეგუება ჩვენში არ არის პრობლემა, ისევ ჩვენი კლიმატიდან გამომდინარე. მთავარია მოვლა და კვლავ მოვლა! პირველი ნაბიჯი გადადგმულია და შედეგთან მიბრუნება თქვენი ვალიცაა, რაკი დაინტერესდით.