ლანჩხუთის საკრებულოში მოქმედ ფრაქციებსა თუ კომისიებში აქტიურად მიმდინარეობს მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის განხილვა, რომელიც ამ ჯერზე 8 მილიონ 414 ათასი ლარით განისაზღვრა. თუ წინასწარ განხილვების შედეგით ვიმსჯელებთ, დიდია ალბათობა, წარდგენილი პროექტი გამგეობას უკან დაუბრუნდეს. თუმცა, რა ვერდიქტს გამოიტანენ დეპუტატები ამ საკითხთან დაკავშირებით, 29 ნოემბრისთვის ჩანიშნულ საკრებულოს სხდომაზე გაირკვევა.
მანამდე კი დეპუტატთა ნაწილის მოსაზრებით, გამგეობის მიერ შეთავაზებულ პროექტში პრიორიტეტები არასწორადაა გადანაწილებული.
"ჩვენ, ფაქტობრივად, ორი ბიუჯეტის განხილვა გვიწევს _ ერთი, რომელიც გამგეობამ შემოგვთავაზა და მეორე, რომელიც ა(ა)იპ-ებს აქვთ წარმოდგენილი. როგორც ჩანს, გამგებელს საერთოდ არ აქვს ეს განხილული პროექტი _ პირდაპირ შემოდის საკრებულოში. ა(ა)იპ-ებიდან შემოსული ბიუჯეტი 2 მილიონ 473 ათასით მეტია გამგეობის მიერ წარმოდგენილზე. ამ ბიუჯეტის მთავარი პრობლემა არის ის, რომ რვამილიონიან ბიუჯეტში ექვს მილიონზე მეტი ხელფასებზე იხარჯება, სოციალური დახმარებების პაკეტი კი შემცირებულია", _ ამბობენ ფრაქცია "ლანჩხუთი _ ევროატლანტიკური მომავლისთვის" წევრები და მიაჩნიათ, რომ ბიუჯეტის პროექტი ამ და სხვა შენიშვნებით აღმასრულებელ რგოლს უკან უნდა დაუბრუნდეს.
გამგეობის მიერ შემოთავაზებულ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ ფრაქცია "ქართული ოცნება _ მრეწველების" წევრებსაც: "ჩვენს მიერ ინიცირებულ საკითხს, რომელიც ითვალისწინებდა სამება-ჯიხეთის დედათა მონასტრის სამონასტრო კომპლექსის ტურისტულ-რეკრეაციულ ზონაში არსებული შუა საუკუნეების მენელსაცხებლე დედათა სახელობის ყოფილი მონასტრის ინფრასტრუქტურის, ბაზილიკის აღდგენასა და ტურისტული ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობას, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრისას მხარი 31-მა დეპუტატმა დაუჭირა. წელს გათვალისწინებული იყო ნამონასტრალთან მისასვლელი კიბის მოწყობა, თუმცა, სამუშაოები დღემდე არ გახორციელებულა. როგორც ჩანს, საამისოდ თანხა მომავალი წლის ბიუჯეტში საერთოდ არაა გათვალისწინებული".
"მრეწველების" მსგავსად, ჯიხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტის მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებას ითხოვს ფრაქციაც _ "მეტი ქალი პოლიტიკაში", რომელიც ინიციატივით გამოდიან, რომ სოციალურ პროგრამაში ასახული იყოს თანხები ოპერაციების თანადაფინანსებისთვის. მათივე თქმით, მუნიციპალიტეტში მოქმედი ბიბლიოთეკები და ლანჩხუთის კულტურის სახლი საჭიროებს გადაუდებელ რეაბილიტაციას, რაც ასახული უნდა იყოს 2017 წლის მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში.
შუხუთის მაჟორიტარი დეპუტატ აკაკი იმნაიშვილს მიაჩნია, რომ 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იყოს გრეიდერის შეძენა, ვინაიდან გასულმა ზამთარმა ნათლად აჩვენა მისი საჭიროების აუცილებლობა.
გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის როლანდ ლაშხიას განმარტებით, აღნიშნული ბიუჯეტის პროექტი შემუშავდა იმ რეალობის გათვალისწინებით, რის საშუალებასაც იძლევა ადგილობრივი საგადასახადო ბაზა და ტრანსფერი:
"ა(ი)პ-ების წარმოდგენილი აქვს 8 მილიონ ლარამდე მოცულობის ბიუჯეტი, რაც წარმოუდგენელია და ამის პოტენციალი არ არსებობს. ჩვენ ამას ვერ გავითვალისწინებთ _ საერთო ხელფასების მატება წარმოუდგენელია. თუ ქვეყანაში ხელფასების ზრდა გახორციელდება, მაშინ შესაბამისი კომპენსაციაც უნდა გაიცეს, ასეთი რამ კი არ იგეგმება. მუნიციპალიტეტს არ აქვს საშუალება, რომ ა(ა)იპიებში ხელფასების მოწესრიგების რაიმე რესურსები გამოძებნოს.
თითოეული სამსახურის, მათ შორის, გამგეობა-საკრებულოს ხარჯებში გათვალისწინებულია ის, რაც აუცილებელია ფუნქციონირებისთვის", _ ამბობს ლაშხია და იმასაც დასძენს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში 200 ათასი ლარი სასამართლო დავების აღსრულებისთვისაცაა გათვალისწინებული.