"ზის თავისთვის შუშის სასახლეში, საოცნებო და მიუღწეველი მისი ფულის პატრონს აღარაფერი აქვს და გასართობად შპს ,, საქართველო” აქვს", _ ასე გამოეხმაურა პავლე კუბლაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი.
"ისე, გასაკვირი არაფერია. იყიდა კაცმა, ფული გადაიხადა და თავისი სურვილის და შეხედულებისამებრ აღარ გამოიყენოს? უნდა თანამდებობაზე დანიშნავს, უნდა მოხსნის, უნდა_ პარტიას შეუქმნის და მერე გააუქმებს, უნდა გაადეპუტატებს და მერე გაანადგურებს, უნდა_ ოპოზიციად დაინიშნავს და როცა მოიწყენს, მოიცილებს, დაამცირებს, ან უბრალოდ, პოლიტიკიდან წასვლას უბრძანებს. ინტელიგენციის ყიდვის შემდეგ, პოლიტიკოსებზე გადავიდა. ყიდულობს ბითუმად და ცალობით, იხდის ნებისმიერ თანხას, რომ თავის კარის მომღერლად აქციოს, ,,გააბანძოს” და ჩარეცხოს. ზის თავისთვის შუშის სასახლეში, საოცნებო და მიუღწეველი მისი ფულის პატრონს აღარაფერი აქვს და გასართობად შპს ,, საქართველო” აქვს. რა სიზმარსაც ნახავს, მომდევნო დღეს ის ხდება. თამაშობს ,,კუბიკებით“ _ შლის და აწყობს, შლის და აწყობს. უბედურება ისაა, რომ ჩვენსას შლის და თავისას აწყობს. ამ ერთი კაცის გასართობ ექსპერიმენტებს და გაშლილ დახლს კი ისევ უბრალო ადამიანები ეწირებიან, თორემ ეს სულგაყიდული პოლიტიკოსები ყველგან ნახულობენ ხეირს.