ფუკუოკაში დასრულებული ნოემბრის სუპერტურნირის შემდეგ, სხვადასხვა იაპონური თუ არაიაპონური სპორტული მედია-საშუალებები აქტიურად აქვეყნებენ მომავალი ტურნირის საპროგნოზო რეიტინგებს. ერთ-ერთი ასეთი გამოცემა გახლავთ რუსული პორტალი japan-sumo.ru, რომელიც მომავალ ბაშოზე ქართველ სეკიტორ ლევან გორგაძეს კომუსუბის ტიტულის მიღებას უწინასწარმეტყველებს.
როგორც იცით, ტოჩინოშინმა, რომელიც განვლილ ტურნირზე დასავლეთის მე-6 მაეგაშირას სტატუსით ასპარეზობდა, 15-დან 10 ორთბრძოლა მოიგო. კომუსუბის ტიტულისათვის მის ერთადერთ კონკურენტად კი დასავლეთის მე-5 მაეგაშირა, იაპონელი ტაკარაფუჯი მიიჩნეოდა, რომელმაც ჩვენებურზე ერთით ნაკლები გამარჯვება მოაგროვა (9-6).
სანიაკუში (პირობითი კატეგორია, რომელიც ოთხ უმაღლეს წოდებას – იოკოძუნა, ოძეკი, სეკივაკე, კომუსუბი – აერთიანებს) ვითარება ასეთია: მოქმედმა სეკივაკე ტაკაიასუმ (აღმოს.) მინიმალური მაკე-კოში (7-8) გააკეთა და აღმოსავლეთის კომუსუბის პოზიციაზე ჩამოქვეითდება. დასავლეთის სეკივაკე ოკინოუმი (ბალანსი 5-10) ჰირამაკუში გადაინაცვლებს, რიგით მაეგაშირად, ისევე როგორც აღმოსავლეთის კომუსუბი მიტაკეუმი (6-9). ხოლო დასავლეთის კომუსუბი, მონღოლი ტამავაში (10-5) ზემოთ აიწევს და კარიერაში პირველად სეკივაკეს ტიტულს მოირგებს (აღმოს). პირველად შევა სანიაკუში და თავიდანვე სეკივაკედ მოგვევლინება იაპონელი მე-3 მაეგაშირა შოდაი (დასავ.), რომელსაც ფუკუოკაში 11-4 ბალანსი ჰქონდა. აღმოსავლეთის კომუსუბი, როგორც უკვე გითხარით, ტაკაიასუ გახდება, ხოლო დასავლეთისა – ტოჩინოშინი.
იგივენაირ პროგნოზს აკეთებენ იაპონური გამოცემებიც – ყველა მათგანი იგივე ტიპის განლაგებით ანაწილებს სანიაკუში ადგილებს.
გეტყვით იმასაც, რომ ლევანი აქამდე 7-ჯერ ატარებდა კომუსუბის საპატიო წოდებას, ხოლო ერთხელ სეკივაკეს უფრო პრესტიჟულ ტიტულსაც ფლობდა.
მოკლედ, ისღა დაგვრჩენია, რომ ოფიციალური, განახლებული ბანძუკეს (რეიტინგ-სიის) გამოქვეყნებას დაველოდოთ, რომელსაც იაპონური სუმოს ასოციაცია 26 დეკემბერს გამოამზეურებს. მომავალი ტურნირი კი მომდევნო წლის 8 იანვარს აიღებს სტარტს და ტრადიციულად 15 დღეს გასტანს. იანვრის ბაშო, როგორც ყოველთვის, სუმოს მექად აღიარებულ ტოკიოს "რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში ჩატარდება.