ჩვენ გარშემო და მთელ მსოფლიოში არსებული განსაკუთრებული ვითარება არავითარ პერსპექტივას არ ტოვებს, რომ უახლოეს პერიოდში საგანგებო ზომების მიღების გარეშე მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდეთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ გადაცემა 2030-ში განაცხადა.
„ამ სიტუაციიის გამო, არცერთი მეზობელი ქვეყანა და არცერთი სავაჭრო პარტნიორი ხელშეუხებელი არ დარჩა. ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ მოვახერხეთ, სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა და გარწმუნებთ, მას მომავალშიც შევინარჩუნებთ, რაც ეკონომიკური წინსვლისთვის არის საჭირო. ეკონომიკური ზრდა მცირე პროცენტით, მაგრამ მაინც გვქონდა და კიდევ უფრო მეტი გვექნება, რადგან დაგეგმილია უზარმაზარი ინვესტიციები. სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ქვეყნის გადასარჩენად ისეთი ღონისძიებების დაგეგმვაა საჭირო, როგორიც არის ვთქვათ, ლარიზაცია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, ონლაინსესხების გამცემი კომპანიები რეგულაციებს აუცილებლად უნდა დაექვემდებარონ.
„ონლაინსესხების გამცემი კომპანიები რეგულაციებს აუცილებლად უნდა დაექვემდებარონ. ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია, რათა ჩვენი მოსახლეობა იმ გართულებებისგან დავიცვათ, რომელსაც ონლაინსესხები იწვევს“, – განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა.