გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, ახალ კამპანიას იწყებს, სახელწოდებით _ „ნუ მოჭრი _ მორთე“, რაც ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრის პრევენციას ითვალისწინებს. ახალი ინიციატივა მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა კერძო კომპანიების წარმომადგენლებს გააცნო და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
აქციის მონაწილეებს საშუალება აქვთ შეარჩიონ ლოკაცია (როგორც თბილისში, ასევე, საქართველოს რეგიონებში მდებარე სკვერები, ბაღები, პარკები) საცხოვრებელი სახლის, ან კომპანიების მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე ნაძვის ხე თავად მორთონ.
"საქართველოში გავრცელებული სახეობებიდან ნაძვის ხედ გამოიყენება აღმოსავლეთის ნაძვი (Picea orientalis) და კავკასიური სოჭი (Abies nordmanniana), რომელთა ზრდაც 100-120 წელს და მეტ ხანსაც გრძელდება და 50 მეტრამდე სიმაღლეს აღწევს. როგორც ნაძვი ასევე სოჭიც ცოცხლობენ 150-300 წელს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებისა და რეალიზაციის ფაქტების პრევენციის მიზნით, გააძლიერებს კონტროლს სახელმწიფო ტყის ფონდის, დაცული ტერიტორიების, თვითმმართველი ერთეულის ხე-მცენარეების მოპოვების, ტრანსპორტირებისა და მათი რეალიზაციის ფაქტებზე. გამოვლენილ დარღვევებზე გატარდება შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები", _ განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.