ლარმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია, რაშიც ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მტაცებლური პოლიტიკაა დამნაშავე, _ აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა გააკეთა.
ოქრიაშვილმა ყურადღება ბანკების არაპროფილურ საქმიანობაზე გაამახვილა და ეს ”გამოწვევად” შეაფასა.
დეპუტატის თქმით, არსებობს კანონი, რომელიც ბანკების არაპროფილურ საქმიანობას კრძალავს, მაგრამ ამის მიუხედავად, ბანკები სხვადასხვა სქემით არაპროფილურ ბიზნესებს ფლობენ და ამით კონკურენციას კლავენ.
როგორც კახა ოქრიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული კანონის შეუსრულებლობის გამო, მთავრობა ბიზნესის ნდობას კარგავს.
”2016 წლისათვის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი 2.5%-ს შეადგენს. 2017 წლისათვის დაგეგმილია 4%-იანი ზრდა. საკმარისია ზრდის ასეთი ტემპები ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის? რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის! ჩვენ 7%-8%-იანი ეკონომიკური ზრდა გვჭირდება. არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას უშლის ხელს. ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური ფაქტორი არის ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მტაცებლური პოლიტიკის გატარება საქართველოს ეკონომიკის რეალურ სექტორში. საჭიროა კონკურენტული და თავისუფალი ბიზნესგარემოს უზრუნველყოფა. როდესაც ბანკები აფუძნებენ კერძო კომპანიებს და არიან სხვადასხვა კომპანიების ფაქტიური მფლობელები, ეს იწვევს კონკურენციის დახშობას დარგში, იწვევს ბიზნესის უნდობლობას საბანკო სექტორისა და მთავრობის მიმართ”, _ განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.