ორი _ ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი _ ამ შედეგით დაასრულეს ქართველმა მოჭადრაკეებმა ასპარეზობა ჩეხეთში. მსოფლიო ჩემპიონატზე "სენიორ" მოჭადრაკეთა შორის ზედიზედ მესამედ გახდა ოქროს მედლის მფლობელი ნონა გაფრინდაშვილი.
ნონა გაფრინდაშვილმა მე-9 ტურში დორინა ფლორეა (რუმინეთი) დაამარცხა და 8 ქულით ჩემპიონი გახდა.
50 წელზე მეტი ხნის მოჭადრაკეთა ტურნირში 11 ტური გათამაშდა. გუშინ თბილისელმა დიდოსტატმა გიორგი ბაღათუროვმა შავი ფიგურებით უკრაინელ ალექსანდრ რეპრინცევს აჯობა და 9.5 ქულით სხვებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა.
8.5-8.5 ქულით მეორე-მესამე ადგილები რეპრინცევმა და ზურაბ სტურუამ გაიყვეს. უარესი კოეფიციენტით სტურუა მესამე ადგილზე გავიდა. 6.5 ქულით ვარლამ ვეფხვიშვილი 48-ე ადგილით დაკმაყოფილდა.
ამავე ასაკში გამოდიოდა ციალა ქასოშვილი, რომელმაც 7 ქულით მესამე-მეშვიდე ადგილები გაინაწილა, კოეფიციენტით მეშვიდე იყო.