ლანჩხუთის საკრებულოში მოქმედი ფრაქცია _ "მეტი ქალი პოლიტიკაში", ინიციატივით გამოდის, რომ ადგილობრივი სოციალური პროგრამიდან გარკვეული თანხა მიიმართოს ოპერაციების თანადაფინანსებისთვის.
"გადაუდებელი ოპერაციების გარდა, ადამიანებს სჭირდებათ სხვა სერვისიც. ჩვენი ინიციატივაა, რომ მოსახლეობის მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, სოციალურ პროგრამაში გათვალისწინებული იყოს სამედიცინო მომსახურებისთვის დახმარება. კერძოდ, არასაპენსიო ასაკის მოქალაქეები, რომლებიც დაავადებულები არიან კოქსართროზით, საჭიროებენ მენჯ-ბარძაყის პროტეზირებას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 70 ათასიდან 100 001 ქულამდეა, დახმარება განესაზღვროს ოპერაციის ღირებულების 50%-ით.
ასევე, გეგმიური და გადაუდებელი სტაციონარული ქირურგიული ოპერაციების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თანადაფინანსება, რაც განისაზღვრება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ან სხვა გზით გათვალისწინებული თანადაფინანსების გამოკლების შემდეგ, პაციენტის დარჩენილი სახელმწიფოს დაუფარავი სერვისების გადასახადი წილი 50%-ით დაფინანსდეს", _ ასეთია ფრაქციის ინიციატივა.
მათი გამოანგარიშებით, აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი, დაახლოებით, ასი ათასი ლარის ფარგლებშია.
"ვფიქრობთ, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული პროგრამის ამოქმედება გამოიწვევს ამ სერვისით მოსარგებლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუმჯობესებას და შესაბამისად, ნაკლებ ფინანსურ დანახარჯს. რაც, საბოლოოდ, ხელს შეუწყობს ჯანდაცვის ზრუნვის სახელმწიფო პოლიტიკის სწორად და ეფექტურად გატარებას", _ ამბობს ფრაქციის ხელმძღვანელი ნონა მურვანიძე და თვლის, რომ საამისოდ თანხები 2017 წლის ბიუჯეტში უნდა იყოს გათვალისწინებული.
ფრაქციის ინიციატივას მხარს უჭერს აცანის მაჟორიტარი დეპუტატი ემზარ თედორაძე, რომლის თქმითაც, აუცილებელია მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს შესაბამისი თანხები და დაეხმარონ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს აუცილებლობას წარმოადგენს. დეპუტატმა მაგალითისთვის სოფელ შუხუთში მცხოვრები ნინო კუკულაძე დაასახელა, რომელსაც მხედველობის აღსადგენად უცხოეთში სჭირდება მკურნალობა, რაც სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული:
"ლანჩხუთში საკმაოდ ბევრმა იცის ამ ახალგაზრდა ქალბატონის შესახებ, რომელსაც მხედველობა აქვს დაკარგული. როგორი მძიმეა მისი მდგომარეობა, ამაში შუხუთის მაჟორიტარი დეპუტატიც დამეთანხმება. ნინოს საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაცია ესაჭირეობა საზღვარგარეთ, რაც, თავისთავად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან არ ფინანსდება. ოპერაცია თურქეთში უნდა გაკეთდეს. ოჯახი ყველანაირად, შესაძლებლობის ფარგლებში, ცდილობს, საჭირო თანხის მოიძიებას, რომ ნინოს მიეცეს საშუალება, საკუთარი შვილი დაინახოს. თუმცა, ეს არ არის ადვილი და მათ დახმარება სჭირდებათ. ვფიქრობ, ამ კატეგორიის ადამიანებისთვის დახმარების გასაწევად, გამგეობის სოციალურ პროგრამაში უნდა იყოს თანხები გათვალისწინებული", _ამბობს თედორაძე.
თუმცა, ირკვევა, რომ ფრაქციის მხრიდან წამოსულ ინიციატივასთან დაკავშირებით, განსხვავებული აზრი აქვს საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, ია ჩხაიძეს. როგორც მისი საუბრიდან ირკვევა, არ არის საჭირო ახალი პროგრამის შემუშავება:
"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ყველა მოქალაქე ფინანსდება და ჩვენდა საამაყოდ, ქვეყანაში ადამიანის ფუნდამენტური უფლება _ სიცოცხლე, დაცულია. გეგმიურ ოპერაციებს და მსგავს საკითხებს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი გამგებელთან, ცალკე პროგრამის გაკეთებასაც ვგეგმავდით, თუმცა, ჩვენ გვაქვს ერთჯერადი დახმარების პროგრამა, რომელშიც საკმაოდ სოლიდური თანხაა ჩადებული. უმჯობესია, სწორედ აქ განვსაზღვროთ, რა საჭიროების მიხედვით გაიცეს ერთჯერადი დახმარება. ამ საკითხს განვიხილავთ თითოეულ საკრებულოს წევრთან ერთად და ამ პროგრამის ფარგლებში მოხდება დახმარების გაწევა", _ ამბობს ია ჩხაიძე.
აისახება თუ არა ფრაქციის _ "მეტი ქალი პოლიტიკაში" ინიცირებული პროექტი მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში, ეს მაშინ გახდება ცნობილი, როცა საკრებულოს ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი დაუბრუნდება, თუმცა, მანამდე გამგეობის საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას მიერ 29 ნოემბერს საკრებულოს სხდომაზე გაკეთებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ურთულესი მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობის მოთხოვნაა, ბიუჯეტი 10%-ით შემცირდეს და თანხები მიმართოს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.