ორი წლის წინ, სრულიად ახალგაზრდა შემოქმედი ბეგი მამალაძე ნუცუბიძის პალატოზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლეს. დღეს ბეგის დაბადების დღეა. იგი ოცი წლის გახდებოდა.
ბეგის დაბადების დღე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში აღნიშნეს, სადაც მოეწყო მისი ნახატების გამოფენა.
საღამო ბეგი მამალაძის ოჯახისა და მეგობრების ენთუზიაზმით შედგა.
ცენტრის პატარა კინოდარბაზში გაიხსენეს ბეგი მამალაძის ბავშვობა, შეასრულეს მისი სიმღერები, წაიკითხეს ლექსები.
სწორედ ბეგის ხსოვნას მიეძღვნა სიმღერა „სამყაროს ჰიმნი“ (კომპოზიტორი ნანა ბალახაშვილი).
ბეგი მამალაძის მკვლელობის შემდეგ გამოიცა წიგნი „კიბე ზეცამდე“, რომელშიც მისი შემოქმედებაა ასახული.
ბეგის დედის, მარიკა ზედელაშვილის თქმით, არაფერი გამოუვიდოდა, რომ არა უამრავი ადამიანის გვერდში დგომა.