ჭიათურაში, ითხვისის მაღაროში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც „გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. გარდაცვლილია 50 წლამდე მაღაროელი პ.ღ.-ძე.
ჭიათურის მაღაროს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის, პაატა სამხარაძის ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
„უბედური შემთხვევის მიზეზი არ ვიცით, მაგრამ როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ითხვისის მაღაროზე ელმავლის მემანქანემ თავი გამოყო ელმავლიდან და ვაგონმა გაარტყა. დეტალურად არ ვიცი რა მოხდა. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას სამხარაძემ.
როგორც სამხარაძე აღნიშნავს, ელმავლები ტექნიკურად გაუმართავია და სამუხრუჭე სისტემებია მოშლილი.
„4 საათზე მთავრდება ცვლა მაღაროში, ამის შემდეგ მემანქანეებს აიძულებენ, წავიდნენ და სახალხოთი გამოიყვანონ მაღაროში დატოვებული მუშები. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთი საათი ზეგანაკვეთურად იმუშაოს, 9 კილომეტრი შევიდეს მაღაროში და მუშები გამოიყვანოს. ეს იწვევს მუშების უკმაყოფილებას. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც, ტრანსპორტის გამგესთან შელაპარაკება მოუვიდა, ამის შემდეგ გამგემ სხვა გააგზავნა სახალხოთი მუშების გამოსაყვანად, ეს ადამიანი კი მარგანეცით დატვირთული ვაგონების გამოსატანად გაუშვა. ადამიანი რომ სამუშაოს დაამთავრებ და მერე კიდევ მუშაობას აიძულებ, განერვიულდები, აბა, რა იქნება. დიდ მაღაროებზე ამ სამუშაოს შესრულება ყოველდღიურად უწევთ. როგორც ჩანს განერვიულებულმა შემთხვევით გამოყო თავი ელმავლიდან და მოხდა ეს უბედური შემთხვევა. მაღაროში, როცა ელმავლით ვაგონები მოგყავს, შეიძლება ლიანდაგიც იყოს დაზიანებული, ეტყობა, რაღაც ასეთი შეატყო.. ან ეგონა ვაგონი ჩაუვარდა და იძულებული გახდა თავი გადმოეყო ელმავლიდან. თან განათებაც არ არის შიგნით…
მუშა არ დაარღვევს უსაფრთხოების ზომებს, თუ ყველაფერი მოწესრიგებულია მაღაროში, მაგრამ ამათ ისეთი რამეების გაკეთება უწევთ, რაც წესით, მოწესრიგებულ მაღაროში არ უნდა გააკეთონ. ადრე ვაგონი რომ ჩავარდებოდა მუშა ფარნით ანიშნებდა, რომ უნდა გაჩერებულიყო ელმავალი, ახლა მუშამ ელმავალი თავისით უნდა გააჩეროს, ვაგონიც უნდა ამოიყვანოს და სხვა სამუშაოც შეასრულოს. მძიმე სიტუაციაა ძალიან. დიდი ხანია ვიძახით, რომ შრომის ინსპექციაა აუცილებელი. როგორი რეკომენდაციაც არ უნდა დაუწერო მაღაროს ხელმძღვანელობას, ის ფულს არ დახარჯავს და არ გააკეთებს, თუ იცის, რომ არავინ შეამოწმებს. ვინც უსაფრთხოებას უნდა აკონტროლებდეს ადმინისტრაციულ შენობაში სხედან და როცა უფროსი გაგზავნის რომელიმე მაღაროზე, მხოლოდ მაშინ მიდიან“, _ აღნიშნავს სამხარაძე.
მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ჭიათურაში, წერეთლის მაღაროზეც მოხდა უბედური შემთხვევა, რა დროსაც ერთი მაღაროელი დაშავდა. ის ქუთაისში, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„კედელსა და ელმავალს შორის მოყვა „ბუნკერის“ ჩამჩეხი და მაღაროელი მ. წ. დაშავდა. ღვიძლი ჰქონდა გამსკდარი და რეანომობილით გადაიყვანეს ქუთაისში. რომ არ გადაეყვანათ და ოპერაცია არ გაეკეთებინათ, ესეც სიკვდილით დამთავრდებოდა. მძიმე შემთხვევაა.
როგორც მე მითხრეს ეს კაცი გააგზავნეს ელმავლის დამხმარის მოვალეობა რომ შეესრულებინა. ესეც სხვის სამუშაოს ასრულებდა. არც იცის მან მაღაროში სად არის ისეთი ადგილები, სადაც თავისუფლად გაივლის ელმავალი, კედელსა და ვაგონს შორის ადამიანს რომ არ გაკრას. კიდევ კარგი, რომ ცოცხალია. შარშან გვქონდა მსგავსი შემთხვევა, ნეკნმა ფილტვი დაუზიანა ერთ მაღაროელს და საავადმყოფოში გარდაიცვალა 9 დღის შემდეგ“, _ აღნიშნავს სამხარაძე.
„გურია ნიუსი“ ცდილობს მაღაროს ხელმძღვანელობასთან დაკავშირებას. დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.