ჭიათურაში, ითხვისის მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევას, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მაღაროს ხელმძღვანელობა უსაფრთხოების წესების დარღვევას უკავშირებს.
როგორც "გურია ნიუსს" ტექნიკური უსაფრთხოების მენეჯერმა გიგა ხვიჩიამ განუცხადა, შემთხვევას მოწმე არ ჰყავს. მისი ვარაუდით კი, მაღაროელი უსაფრთხოების წესების დარღვევას ემსხვერპლა.
"გამოძიების პროცესში ვართ, სავარაუდოდ, გარდაცვლილის ბრალი იყო, ტექნიკური უსაფრთხოების წესები დაარღვია. მაგრამ ჯერ ბოლომდე არ არის გამოძიებული. გამოძიებას შსს აწარმოებს და ჩვენ პრევენციის მიზნით შიდა გამოძიებას ვაწარმოებთ წესების შესაბამისობასთან მიმართებაში. შემთხვევას მოწმე არ ჰყავს, ვინც შემდეგ მივიდა ინცინდენტის ადგილზე, მათი გამოკითხვის შედეგად, ვფიქრობთ, რომ წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი", _ ამბობს ხვიჩია.
კითხვაზე: პროფკავშირის წარმომადგენლების თქმით, ელმავლები ტექნიკურად გაუმართავია და სამუხრუჭე სისტემებია მოშლილი. ხომ არ შეიძლებოდა ამას გამოეწვია უბედური შემთხვევა? – ხვიჩია ამბობს:
"არავითარ კავშირში არ არის ამ უბედურ შემთხვევასთან ელმავლის გაუმართაობა. გარდა ამისა, სამუშაოზე გასვლის წინ ელმავლები მოწმდება. თუ გაუმართავ მდგოამრეობაშია ხაზზე არ გადის. რასაც ლაპარაკობენ მართალი არ არის. მაგას დამტკიცება უნდა…", _ ამბობს ხვიჩია.
რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ მომხდარ კიდევ ერთ შემთხვევას, რომლის დროსაც ერთი მამაკაცი დაშავდა და ამ დრომდე ის საავადმყოფოში რჩება, ხვიჩია ამბობს, რომ ელმავლის გაუმართავობა არც ამ შემთხვევასთან არის კავშირში.
"ის უბრალოდ არასწორ ადგილას იდგა… დაიძრა ელმავალი და… საბედნიეროდ, არაფერი ისეთი", _ ამბობს ხვიჩია.
მისივე ინფორმაციით, უბედური შემთხვევის ხარჯებს მაღაროს ადმინისტრაცია გადაიხდის.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ამავე თემაზე: