პრემიერ-მინისტრი შემოსავლების მობილიზაციის გეგმაზე მთავრობაში ერთიანი პოზიციის არქონასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ვერავინ შეძლებს ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმების გატარებაში ხელის შეშლას.. გიორგი კვირიკაშვილი ამ ბრალდებებს დაუსაბუთებელსა და აბსურდულს უწოდებს.
”მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო საზოგადოებისთვის, რომ მთავრობის შემოსავლების მობილიზაციის გეგმა, რომელიც ასახულია 2017 წლის ბიუჯეტში, შემუშავებულია მთელი სამთავრობო გუნდის მიერ – ეს არის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის გასახორციელებლად გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ეს არის მთელი სახელისუფლებო გუნდის შეთანხმებული პოზიცია, რომელიც ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების სწრაფად დაძლევასა და მომავალ განვითარებას ემსახურება. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ გეგმის გახორციელებაზე. მიუხედავად მცდელობისა, ვერავინ შეძლებს ხელი შეგვიშალოს ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმების გატარებაში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის კეთილდღეობისა და ქვეყნის სწრაფი განვითარებისკენ არის მიმართული. რაც მთავარია საზოგადოებას და ჩვენს მოქალაქეებს ესმით, რომ ამა თუ იმ ნაბიჯს, რომელიც დღეს შეიძლება ბევრისთვის მარტივი არ იყოს, აუცილებლად მოჰყვება ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება და უკეთესი მომავალი”, _ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.