ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიედრიუს პუიჯიუნასმა საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის და ლიტველი დიპლომატის შეხვედრისას მხარეებმა თავდაცვის სფეროში დაგეგმილი რეფორმები და მოსალოდნელი შედეგები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო იმ პერსპექტივებს, რაც საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციის მიმართულებით გააჩნია.
„ლიტვა საქართველოს გამორჩეული მეგობარია და ეს მეგობრობა კიდევ უფრო მკაფიოდ არის წარმოდგენილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც როგორც ლიტვა, ასევე ლატვია და ესტონეთი საქართველოს ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. ლიტვასთან საქართველოს ბევრი საერთო ფაქტორი აკავშირებს, როგორიცაა საერთო წარსული, არსებული გამოწვევები და პრობლემები. შეხვედრაზე ლიტველ დიპლომატთან გამოცდილების გაზიარების და ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზეც ვისაუბრეთ", _ განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
რეგიონების განვითარების პროექტებზე და ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს ლატვიის ელჩსა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილს შორის გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა ქალაქების მწვანე კონცეფციის, ენერგოეფექტური შენობების, თვითმმართველობების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის შესახებ პროექტების პერსპეტივები განიხილეს და ამ სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. გიედრიუს პუიჯიუნასმა გრიგოლ ლილუაშვილს გამოცდილების გაზიარების მიზნით ლიტვის პარლამენტის ანალოგიურ კომიტეტთან თანამშრომლობაში დახმარება შესთავაზა, რომელსაც ქართველი კანონმდებელი სიამოვნებით დათანხმდა.