პაკისტანში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის პილოტმა, კონტაქტის დაკარგვამდე ავია კომპანიასთან დაკავშირება და მათი გაფრთხილება შეძლო. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მან ადგილობრივი დროით 16:09-ზე შეძლო ძრავის პრობლემის შესახებ ეცნობებინა,“_აცხადებს პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების თავმჯდომარე, მუჰამედ აზამ საიგოლი.
როგორც ცნობილია, ავია კატასტროფის შედეგად თვითმფრინავში მყოფი 48 მგზავრი დაიღუპა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა კომპანია აცხადებს, რომ ტექნიკური შეცდომა არ არსებობდა. „მინდა ვთქვა, რომ თვითმფრინავი გამართული იყო და ტექნიკურ ან ადამიანურ შეცდომას ადგილიო არ ჰქონია,“_ამბობს საიგოლი.
ავია კომპანიის განცხადებით, ფრენის მონაცემების ჩამწერი ნაპოვნია. პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, თვითმფრინავის ჩამოვარდნა ძრავის გაუმართაობას უკავშირდება. „ამ დროისთვის, თვითმფრინავის ჩამოვარდნის სხვა მიზეზი არ არსებობს გარდა მარცხენა ძრავის გაუმართაობისა,“_ განაცხადა პაკისტანის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელმა, ირფან ელაჰიმ გაზეთ DAWN-თან საუბრისას.
როგორც ცნობილია, თვითმფრინავი გუშინ ისლამბადიდან 43 მილის დაშორებით ჩამოვარდა. პოლიციის განცხადებით, დაღუპული მგზავრების ნაშთები იდენტიფიკაციისთვის საავადმყოფოში გადაიტანეს. მაუწყებლის ინფორმაციით, ავია კატასტროფის შედეგად დაღუპული ადამიანების განრისხებული ნათესავები საავადმყოფოსთან შეიკრიბნენ. „ეს მკვლელობაა და მინდა ვიცოდე, ვინ მოკლა ჩემი ძმა,“_აცხადებს ერთ-ერთი გარდაცვლილის ნათესავი.
როგორც ცნობილია, 2006 წელს პაკისტანში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა.
ამავე თემაზე: