რვა დეკემბერს, ღამით დაწყებულმა თოვამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში უმნიშვნელო პრობლები წარმოქმნა. მართალია, თოვლის საფარი სიმაღლე არც თუ ისე დიდია და, დაახლოებით, 20-25 სანტიმეტრს აღწევს, მაგრამ ძლიერი ყინვის გამო, ზოგიერთ სოფელში გაძნელებულია ავტომანქანების მოძრაობა.
ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის ალექსანდრე სარიშვილის ინფორმაციით, თოვლის სიმაღლე აქ 20 სანტიმეტრს არ აღემატება, მაგრამ გზა მოყინულია და ავტომობილებს გადაადგილება უჭირთ, განსაკუთრებით მსუბუქ ავტომანქანებს.
მამათში გამგებლის წარმომადგენლის, გელა პატეიშვილის ინფორმაციით, ყინვასა და ნალექს განსაკუთრებული პრობლემები არ შეუქმნია ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
„ჩვენს სოფელში თოვლის საფარის სიმაღლე მხოლოდ 10 სანტიმეტრს აღწევს. გზა მოყინულია, თუმცა ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება და მოსახლეობას ამ კუთხით პრობლემები არ შექმნია“, _ გვითხრა პატეიშვილმა.
ჰაერის დაბალი ტემპერატურა მუნიციპალიტეტის დაბლობშიც დაფიქსირდა, თუმცა, როგორც ქალაქ ლანჩხუთში, ისე მის მიმდებარე სოფლებში, თოვლის საფარის სიმაღლე უმნიშვნელოა.