ითვლება, რომ ურცხვი მზერით მამაკაცები ხშირად აყენებენ ქალბატონებს უხერხულ მდგომარეობაში. ბრიტანელმა ექსპერტებმა კი დაასკვნეს, რომ უხერხულობის გამომწვევნი მარტო კაცები არ ყოფილან.
მათი გამოკვლევები ადასტურებენ, რომ ქალები უფრო ხშირად არიან შემჩნეულნი ფარულად თვალთა ისრების ტყორცნაში, ვიდრე მამაკაცები. განსაკუთრებით ხშირად შედიან ქალები არავერბალურ ურთიერთობაში უცნობ მამაკაცებთან კურორტებზე.
მთლიანობაში მამაკაცების 56% აღიარებს, რომ ცნობისმოყვარეობით უცქერის უცნობ ლამაზმანს, გვერდით კიდეც რომ ეგულებოდეს მეუღლე ან მეგობარი გოგონა. ქალების 74% კი გამოტყდა, რომ ხშირად გადაუტანია მზერა მეუღლიდან სანაპიროზე მოსეირნე გარუჯულ დაკუნთულ ყმაწვილებზე.
ქალებისა და მამაკაცების 77%, რომელთაც საწინააღმდეგო სქესის უცნობ წარმომადგენლებზე რჩებათ თვალი, ცდილობენ არ გაამჟღავნონ საკუთარი ცნობისმოყვარეობა იმ დრომდე, ვიდრე გვერდით ეგულებათ პარტნიორი – ან თვალები დამალონ მზის სათვალეებში, ან თავი მოიკატუნონ, ვითომც თავიანთივე სქესის წარმომადგენლებთან არიან ბაასით გართულნი.
გამოკვლევის ყველაზე გასაოცარი დასკვნა იყო ის, რომ დასასვენებლად თავიანთ მეორე ნახევრებთან ერთად მყოფი ქალები უფრო „დამნაშავენი“ აღმოჩნდნენ სხვათა პარტნიორების თვალიერებაში, ვიდრე მამაკაცები“, _ აღნიშნავდნენ ექსპერიმენტის ავტორები, რომლებმაც ეს კვლევა ჩაატარეს 1972 ადამიანზე.