ევროკავშირის საბჭომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი ორი წლით, 2018 წლის 14 დეკემბრამდე გაახანგრძლივა, _ ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია საუბარი.
ოფიციალური ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭომ ასევე გამოიყო 18 მილიონი ევროს ოდენობის რესურსი, 2016 წლის 15 დეკემბრიდან 2017 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდისთვის. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა. მისია 2008 წლის სექტემბერში გამოიგზავნა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა 6-პუნქტიან შეთანხმებას, რომელმაც აგვისტოს ომი დაასრულა.
მისია ახორციელებს 24-საათიან პატრულირებას და განსაკუთრებულ ყურადღებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებს უთმობს. მისიის სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს, ხოლო რეგიონალური ოფისები – გორში, მცხეთასა და ზუგდიდში. მისიის ხელმძღვანელი არის კიასტუტის იანკაუსკასი (ლიტვა), რომელიც ამ პოსტზე 2014 წლის 19 დეკემბერს დაინიშნა.