სტამბოლში გახორციელებული ორმაგი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 44-ამდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 30 სამართალდამცავია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად 155 ადამიანი დაშავდა. ისინი ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში შესაბამის სამედიცინო დახმარებას იღებენ. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა რთულია.
შეგახსენებთ, რომ წუხელ, სტამბოლის ცენტრში, ტაქსიმის მოედნის მიმდებარედ, სტადიონ "ბეშიქტაშის" სიახლოვეს ორი აფეთქება მოხდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს განცხადებით, სტამბოლში, მაჩკას პარკთან მომხდარი მეორე აფეთქება, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა და მისი სამიზნე პოლიციის ავტობუსი იყო.
თურქეთის შსს-ს მინისტრის განცხადებით, თურქეთის პოლიციამ სტამბოლის აფეთქებებში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავა.