4 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა შედგა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხიდან, პირველს ხმაურიანი განცხადებები მოჰყვა.
დღის წესრიგის პირველი საკითხის ირგვლივ _ "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ", ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების თაობაზე _ განხილვისას, სოფელ გურიანთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბონდო ღლონტმა სიტყვა ითხოვა და დეპუტატებს გააცნო თავისი მოსაზრება, სოფელ გურიანთაში საპრივატიზაციოდ განკუთვნილი, არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (436.0კვ. მ.) საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოღების მოთხოვნის შესახებ.
_ მოსახლეობა წინააღმდეგია, რომ ეს ფართობი გასხვისდეს და გაითვალისწინეთ, _ ითხოვა დეპუტატმა. თუმცა, საკითხს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, ღლონტმა კი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. გურიანთის მაჟორიტარს მხარი მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დაუჭირეს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი კვერღელიძე დაინტერესდა, საკითხს რატომ არ დაუჭირეს მხარი "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა _ ბესო ქათამაძემ და დავით მჟავანაძემ.
"რა თქვენი საქმეა, ხმა რატომ არ მივეცი, _ ჩემი დირექტორი ხომ არ ხარ?! დღევანდელი ხელისუფლების წევრთა უმეტესობა ან "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო წარსულში ან მისი მეხოტბე… ნახეთ, დღეს რა ხდება _ დოლარი ლართან მიმართებაში და ათასი სხვა. იმიტომ არ მივეცი ხმა, რომ აქ ვხედავ კორუფციის ნიშნებს, რომ არსებობს ვიღაცის ინტერესი ხელისუფლებაში, გადაწყვეტილია, ეს მიწის ფართობი ვინ უნდა შეისყიდოს და წინასწარ ხდება შეთანხმება", _ უპასუხა კვერღელიძეს დავით მჟავანაძემ.
ბესო ქათამაძემ, თავის მხრივ, განმარტა, რომ ასე სოფელ ჭანიეთის შემთხვევაშიც მოხდა, როცა დავით მჟავანაძე ითხოვდა, მხარი არ დაეჭირათ საპრივატიზაციოდ გამზადებული მიწის ნაკვეთის გასხვისებისთვის, რომელიც ქარსაფარ ზოლს ეკუთვნოდა: "თუმცა, უმრავლესობამ ჩააგდო ეს საკითხი. მხარს იმიტომ არ გიჭერთ, რომ მიგვაჩნია, სამართლიანად ვიქცევით", _ თქვა ქათამაძემ.
საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბონდო ღლონტმა "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ხსენებული ფართობის გასხვისების წინააღმდეგია მთელი სოფელი და მოხდა ხალხის ნების უგულებელყოფა, დავით მჟავანაძემ კი მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით.
"მოგიწოდებთ მედიის წარმომადგენლებს _ დაინტერესდით აღნიშნული საკითხით. და გაარკვიეთ, ეს ნამდვილად პრივატიზაციაა თუ გარიგება, როცა ვიღაც "იქს" პირი დაინტერესებულია ამ ფართობის შესყიდვით. ხდება გარიგება ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს და სასურველ პირს შორის. საბოლოოდ, აუქციონზე ის ყიდულობს მიწას, ვისაც თვალი წინასწარ აქვს დადგმული. ამ საქმით შესაბამისი უწყებებიც უნდა დაინტერესდნენ, მეც შემიძლია გითხრათ, თუ დაინტერესდებით, რომელ მაღალჩინოსანთან დაახლოებული პირი შეისყიდის ამ მიწას აუქციონზე", _ გვითხრა მჟავანაძემ.
"გურია ნიუსი" ამ საკითხს აუცილებლად დაუბრუნდება.