12 დეკემბერს ოზურგეთის მერიისა და შემოქმედის ეპარქიის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა შეხვედრა _ აღნიშნულ ინფორმაციას შემოქმედის ეპარქიის პრესცენტრი ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის თანახმად, გადაწყდა, რომ მუშა ჯგუფმა ფინანსისტებთან ერთად, დეტალურად განიხილოს მერიის მხრიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვითი ნაწილი და ანგარიში.
_ გვინდა განვაცხადოთ, რომ შემოქმედის ეპარქია მზადყოფნას გამოთქვამს ასევე მოხდეს შეთანხმება სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
ეპარქია მიესალმება იმ ფაქტს, რომ ყოველგვარი გაუგებრობა ამ საკითხთან დაკავშირებით დიალოგის გზით გადაწყდა და სრულად იქნა ამოწურული.
ჩვენ ვლოცულობთ ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს სულიერი და ფიზიკური სიძლიერისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ამინ! _ აღნიშნულია შემოქმედის ეპარქიის პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჩვენ შევეცადეთ შეხვედრის და შეთანხმების შესახებ უფრო მეტი დეტალი უშუალოდ მეუფე იოსებისგან გაგვეგო, თუმცა მეუფემ ჩვენთან სასაუბროდ ვერ მიიცალა.
თუმცა, დეტალებზე ისაუბრა ქალაქ ოზურგეთის მერემა ბეგლარ სიორიძემ.
_ შეხვედრა ნამდვილად შედგა და გაუგებრობაც ამოიწურა. შევთახმდით, რომ მომავალში ჩვენი საქმიანი ურთიერთობა განხორციელდება კანონმდებლობის სრული დაცვით, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სიორიძემ.
_ ბატონო ბეგლარ, ეს იმას ნიშნავს, რომ 2017 წლის ბიუჯეტიდან ეპარქია ისევ მიიღებს დაფინანსებას?
_ არა, ეს ამას ნამდვილად არ ნიშნავს. ეს მუხლი ბიუჯეტში არ დევს. მე შეხვედრაზე ვთქვი, რომ კანონს ვერავის გამო ვერ დავარღვევ, თუმცა გამოვთქვი მზადყოფნა, რომ მუშა ჯგუფთან ერთად განვიხილოთ სამომავლო ურთიერთობის დეტალები, რომელიც უნდა ჩაჯდეს კანონის ჩარჩოებში.
გარდა ამისა, ნამდვილად მზად ვარ, სახსრების არსებობის შემთხვევაში მაქისმალური დამხარება გავუწიო ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებს, _ გვითხრა ბეგლარ სიორიძემ.
ამავე თემაზე: მერია VS ეპარქია
"არამიზნობრივ ხარჯვასთან გვქონდა საქმე" _ ოზურგეთის მერმა ეპარქიას დაფინანსება შეუწყვიტა