ოზურგეთისა და ჩოხატაური-ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატები არჩილ თალაკვაძე და ნინო წილოსანი ოზურგეთის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
პარლამენტის წევრებმა დაგეგმილი რეფორმების შესახებ ისაუბრეს და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები მიმოიხილეს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, რეგიონში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება. ადგილობრივი თვითმმართველობის როლი და სამომავლო განვითარება, სოფლის მეურნეობის პროგრამები, მეწარმეობის მხარდაჭერა, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრა და ძალადობასთან ბრძოლა, ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილი რეფორმები – ეს ის საკითხებია, რომლებზეც შეხვედრის მონაწილეებმა მაჟორიტარებს შეკითხვები დაუსვეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ გურიაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, სათემო ლიდერები, ჟურნალისტები და დაინტერესებული მოქალაქეები, რომელთაც საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ ზემოთ აღნიშნული საკითხების განხილვაში. (R)