დღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა, სადაც ერთადერთი საკითხი _ მიმიდინარე წლის ბიუჯეტის სეკვესტრთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყება განიხილებოდა.
გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას მოხსენების შესაბამისად, გაირკვა, რომ წლევანდელ მთავარ საფინანსო დოკუმენტში სეკვესტრი 155 ათასი ლარის ფარგლებში უნდა გახორციელდეს. ამ თანხაში იგულისხმება ის 55 ათასი ლარი, რაც სამება- ჯიხეთის სამონასტრო ზონაში არსებული შუა საუკუნეების მენელსაცხებლე დედათა სახელობის ყოფილი მონასტრის ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასაფინანსებას უნდა მოხმარებოდა.
„თავის დროზე 31 დეპუტატი ვუჭერდით მხარს ამ ინფრასტრუქტურული პროექტის შესრულებას. ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას ჩვენ მხარს დავუჭერთ, მაგრამ ინფრასტრუქტურული პროექტების შემცირებას არ დავუჭერ მხარს. პრემიერი კვირიკვაშვილი ამბობს, ხარჯები შეამცირეთო, თორემ, ბიუჯეტის შესრულება გააყალბეთ და გაზარდეთო ეს ხომ არ უთქვამს. ამ პროექტის ამოღება ემსახურება მხოლოდ ერთს, რომ ხელოვნურად გავზარდოთ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი“, _ ასეთი იყო პარტიული შეხედულების მიუხედავად საკრებულოს წევრთა უმრავლესობის მოსაზრება ლაშხიას მიერ წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით.
საკრებულოს წევრთა ეს ერთსულოვნება გამგებლის ძმამ, კახა ურუშაძემ, რომელიც ფრაქცია „ქართულიას“ უდგას სათავეში, საკუთარ გამოსვლაში საბოტაჟად მონათლა, რასაც, პროტესტის ნიშნად, კოლეგების მხრიდან სხდომის დატოვება მოჰყვა და საკითხიც ჩავარდა.
საკრებულოს თავმჯდომარის, გოგი ხელაძის თქმით, იმავე საკითხთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომა16 დეკემბერს გაიმართება.