ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დღევანდელ რიგარეშე სხდომაზე ხელმეორედ მოუწია დეპუტატთა სამჯავროზე გამოეტანა საკითხი, რომელიც მიმდინარე წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას ეხება, თუმცა, ამჯერზე სახეცვლილი ვარიანტით.
საქმე ისაა, რომ წინა დღეს გამგებლის ინიციატივით შეკრებილ დეპუტატებს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა წარუდგინა საკითხი, სადაც ბიუჯეტში 155 ათას ლარიან სეკვესტრზე იყო საუბარი. სეკვესტრი შეეხო იმ 55 ათასი ლარსაც, რომელიც სამება- ჯიხეთის სამონასტრო ზონაში არსებული შუა საუკუნეების მენელსაცხებლე დედათა სახელობის ყოფილი მონასტრის ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასაფინანსებას უნდა მოხმარებოდა.
თუმცა, დეპუტატთა უმრავლესობისთვის მიუღებელი დარჩა საკითხის ასე ფორმულირება და კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. დღეს კი ხელმეორედ შეკრებილ დეპუტატებს გამგეობამ სეკვესტრის ნაცვლად თანხების მონაცვლეობა შესთავაზადა ზემონახსენები ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მომავალი წლის პირვე კვარტალში დაანონსა, რაც საკრებულოს წევრებისთვის მისაღები აღმოჩნდა და სახეცვლილ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას მწვანე შუქიც აუნთეს.
საკითხის განხილვას წინ ინცინდენტი უძღოდა, ერთმანეთს გამგებლის ძმა, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე კახა ურუშაძე და სუფსის მაჟორიტარი დეპუტატი ჯუმბერ ბლაგიძე დაუპირისპირდნენ. ბლაგიძემ წინა სხდომაზე ურუშაძის ნათქვამი გაიხსენა, სადაც ურუშაძემ დეპუტატთა ნაწილს „საბოტაჟნიკები“ უწოდა.
კონფლიქტის მოგვარება საკუთარ თავზე მათმა კოლეგებმა აიღეს და სიტუაცია მანამდე განმუხტეს, სანამ საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდოდა.