დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს ლიდერი, ნინო ბურჯანაძე განმარტავს, რომ დინამიკა არის ძალიან სერიოზული, თუ ერთი კვირის წინ სულ სხვა რეალობა იყო ქვეყანაში, დღეს სულ სხვა რეალობა. ერთი თვის წინ სულ სხვა სიტუაცია იყო, ახლა სულ სხვაა. ამ დინამიკის გათვალისწინებით, ისინი საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებას ასე ვთქვათ, ახანგრძლივებენ.
ნინო ბურჯანაძე: “ძალიან სერიოზული კონსულტაციები გვაქვს პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ ლიდერებთან და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან. ვსაუბრობთ იმაზე, რამდენად მიზანშეწონილია პოლიტიკური ბლოკის შექმნა, დამოუკიდებლად არჩევნებში გასვლა, ნაწილობრივ მაჟორიტარების მხარდაჭერა და ასე შემდეგ.
ბევრი რამ არის დამოკიდებული მოლაპარაკებების პროცესზე. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე მივმართეთ განცხადებით და დავრეგისტრირდით როგორც მსურველები იმისა, რომ ხელმოწერების შეგროვება დავიწყოთ, ვინადან ჩვენ არ ვართ კვალიფიციური პარტია და ამ ხელმოწრების შეგროვება უკვე დაწყებულია, მათ შორის თქვენს რაიონშიც, გურიაშიც, სადაც ჩვენი აქტივისტები უკვე აგროვებენ ხელმოწერებს, რომ ჩვენ მოვაგროვოთ 30 000-მდე ხელმოწერა ( 25 000-ია საჭირო), რომ ჩვენ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა.”
მისივე თქმით, ხელისუფლება ძალიან სერიოზულად ემზადება არჩევნებისთვის და ისინი არაფრის დათმობას არ აპირებენ, ნებისმიერი საშუალების გამოყენებით.
ნინო ბურჯანაძე: იმის მიუხედავად, მე მივიღებ თუ არა მონაწილეობას, მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გამოვიდეს არჩევნებზე, რომ ხელისუფლებას გაყალბების რაც შეიძლება მინიმალური შანსი მიეცეს. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმის მიმართ, რომ არჩევნებზე ხელისუფლება რაიმეს დათმობს. ძალიან გამიხარდება, თუ აღმოჩნდება, რომ მე ვცდები და ეს ხელისუფლება მშვიდად და წყნარად დატოვებს სახელისუფლებო ბერკეტებს, მაგრამ ამის ვერანაირ შანსს ვერ ვხედავ.